ახობაძე ვლადიმერ (ლადო) ანტონის ძე (1885 – 1941, თბილისი), პოეტი.
ლექსებს ბეჭდავდა ჟურნ. „მოამბეში“, გაზეთებში: „კვალი“, „ცნობის ფურცელი“ (მის სურათებიან დამატებაში), „ივერია“, აგრეთვე „საქართველოს კალენდარში“. ა-ის ლექსების პირველი წიგნი დაიბეჭდა 1913, მაგრამ მთელი გამოცემა ცენზურამ აკრძალა და ავტორიც დააპატიმრეს. 1918 მოხერხდა მისი გამოცემა სახელწოდებით „ცხოვრების ტალღები“. წიგნის რედაქტორი და წინასიტყვაობის ავტორი იყო ი. გრიშაშვილი (გამომცემლობა „ამქარი“). ა-ის ლექსები მიმართული იყო არსებული ყოფის წინააღმდეგ. პოეტი გამოხატავს ქედმოუხრელობას დროისა და გაბატონებული წყობილების მიმართ („მე კი ... მე კი აღარ ძალმიძს ქედი ვისმეს მოვუხარო...“), ბრძოლას, სიმართლისა და ერთიანობისათვის, ქვეყნისა და ერის ბედნიერი მომავლისათვის.
ს. ხუციშვილი