ახობაძე ვლადიმერ ბესარიონის ძე (25. XII. 1918, სამტრედია, – 31. X. 1971, თბილისი), მუსიკათმცოდნე-ფოლკლორისტი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1967).
მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. 1947 დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვ. თეორ.-საკომპოზიციო განყ-ბა (ხელმძღვ. შ. ასლანიშვილი). 1950-იდან პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თბილ. კონსერვატორიაში. 1951 –53 საქართვ. ხელოვნ. საქმეთა სამმართველოს კადრებისა და სასწ. დაწესებულებების განყ-ბის უფროსი იყო.
ეწეოდა შემკრებლობით და კვლევით მუშაობას ფოლკლორისტიკაში. შედგენილი აქვს ხალხ. სიმღერების კრებულები: „ქართული (სვანური) ხალხური სიმღერები“ (1957), „აფხაზური ხალხური სიმღერები“ (მოსკოვი, 1957), „ქართული (აჭარული) ხალხური სიმღერები“ (ბათუმი, 1961).
ავტორია შრომებისა «კოლექტიური შრომის ფორმა „ნადი“ და ქართული ოთხხმიანი სიმღერა „ნადური“» (რუს. ენაზე, ბუდაპეშტი, 1965), „ქართული ხალხური შრომის სიმღერები“ („ნადური“) (რუს. და ინგლ. ენებზე, მოსკოვი, 1964).
დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
გ. ტორაძე