ახოობა

ახოობა, სათემო დღეობა. იმართებოდა გუდამაყრელ ბექაურ-წიკლაურთა გვარის ძირი ხატის ‒ ფუძის ანგელოზის, პირიმზის კარზე (ხევსურეთი, სოფ. უკანახო). მონაწილეობდა გუდამაყრის მთელი თემი. ვინაიდან ეს ხატი გუდამაყარში, სოფ. დუმაცხოში ხევსურეთიდან, სოფ. უკანახოდან გადმოსულად ითვლებოდა, მორწმუნეთა პროცესია დუმაცხოდან ხატს (დროსა-ბორაყს) „მიაბრძანებდა თავის სამკვიდროში“, სადაც იკვლებოდა ზვარაკი და იმართებოდა პურობა. დღეობისათვის ლუდის ხარშვა და საჯაროზე კოდით დადგმა უმთავრესად შარვანიანთა სახლიკაცებს ევალებოდათ. დღეობის დასასრულს იმართებოდა ქვაბის წართმევის ცერემონიალი. გამარჯვებულ სახლიკაცს მომავალ წელს კოდით უნდა დაედგა ლუდი, რაც დიდ სახელად ითვლებოდა.

ნ. რეხვიაშვილი