ახოს აღება

ახოს აღება, ახოს ატეხა, მიწათმოქმედების ერთ-ერთი უძველესი და ფართოდ გავრცელებული სისტემა.

სახნავ-სათესად იყენებდნენ ტყის გაკაფვითა და ჯირკების გადაწვით გამოთავისუფლებულ ნაკვეთებს. მათი გამოფიტვის შემდეგ ითვისებდნენ ახ. მიწებს (საბას განმარტებით, ახო არის „საყანური გაკაფული“; ეს მნიშვნელობა სიტყვას ქართ. ეთნ. სინამდვილეშიც ჰქონდა შემონახული).

ძვ. მიწათმოქმედი ტყის მოახოებისათვის ძირითადად ცეცხლს იყენებდა. ეს ტრადიცია საქართველოში გვიანობამდე შემორჩა. საახოედ არჩევდნენ მზიან ადგილს, ამჯობინებდნენ ფოთლოვანი ხეების ნადგომს. გაზაფხულზე ხეებს მიწიდან 15–20 სმ სიმაღლეზე ცულით ან სპეც. ხის „საყვერით“ ქერქს შემოაჭრიდნენ, რის შედეგადაც ხე ზეზეურად ხმებოდა. ხე-ტყის ნაწილს შეშად იყენებდნენ, ნაწილს ‒ საშენ მასალად, უვარგისს კი ადგილზევე წვავდენენ. „ახალი ნატეხის“ დასამუშავებლად ხმარობდნენ წერაქვს, ცულ-წერაქვს, ქარჩს, ორთოხს და სხვ. პირველ 2–3 წელს სახვნელ იარაღს არ იყენებდნენ, რადგან ნაკვეთში დარჩენილი ხის ფესვები სახვნელის მუშაობას აბრკოლებდა.

საახოედ ტყის გაკაფვას ხევსურეთში „ტყის დანაყვა“ ერქვა. საახოო სისტემასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული ფეტვისა და ქერის მოყვანა. სხვა დანარჩენი მარცვლეული „ახალ ნატეხ“ ნიადაგში ვერ ხარობდა; 2–3 წლის შემდეგ კი ნაკვეთზე სხვა მარცვლეულსაც თესავდნენ.

ლიტ.: ჩიტაია გ., რაჭული სახვნელი, «ენიმკის მოამბე», 1937, ტ. 1; ჯალაბაძე გ., აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, თბ., 1960.

გ. ჯალაბაძე