ახსითან I

ახსითან I, აბუ-ლ-მუზაფარ მანუჩაჰრ ახსითან ბენ ქესრანი (ქართ. წყაროების მიხედვით აღსართან შირვანშა), შირვანშაჰი (1149–1203) ქესრანიდების დინასტიისა.

მისი მმართველობის დროს შირვანის სახელმწიფო მნიშვნელოვნად გაძლიერდა და გაფართოვდა. ა. I-ს ახლო დინასტიური კავშირი ჰქონდა საქართვ. სამეფო კართან (გიორგი III-ის დისწული იყო), შირვანი კი საქართვ. ყმადნაფიცად ითვლებოდა.

XII ს. 60-იან წლებში შირვანს დარუბანდის მხრიდან თავს ესხმოდნენ ჩრდ. კავკ. მაჰმადიანი მფლობელები. ა. I-მა დახმარება სთხოვა გიორგი III-ს, რ-მაც 1167 აიღო შაბურანი და დარუბანდი, თავის ვასალს გადასცა და ამით შირვანის ჩრდ. საზღვრების უსაფრთხოება უზრუნველყო. 1192, როცა სამხრ. აზერბ. ათაბაგმა აბუბექრმა შირვანი დალაშქრა და ა. I და მისი ძმა ამირ-მირმანი გააძევა, ა. I-მა დახმარებისათვის კვლავ საქართველოს მიმართა. 1195 საქართვ. ლაშქარმა დაამარცხა აბუბექრი შამქორის ბრძოლაში და უკუაგდო იგი.

თ. პაპუაშვილი