ახტალა, დაბა სომხეთში, თუმანიანის რ-ნში. მდებარეობს თბილ. სამხრ-ით 60 კმ-ზე, მდ. დებედის შუა წელზე (მარნეულ-ალავერდის რკინიგზის ხაზზე);
ქართლის სამეფოს ისტ. პროვინცია სომხითში (ქვემო ქართლი). ა. ისტორიულად საქართვ. ამირსპასალართა სამფლობელო იყო. ამ ადგილის ძველი სახელი ყოფილა „სპილენძის მადანი“ (სომხურად – პღნძაჰანქ), რასაც ადასტურებს ა-თან ახლოს აღმართული ქვაჯვარი 1183 სომხ. წარწერით, სადაც საუბარია პღნძაჰანქში ახპატის წმ. ღვთისმშობლის ჯვრის აღმართვაზე.
ა-ის მონასტრისა და მისი მიდამოების სხვადასხვა წარწერიდან ირკვევა, რომ მონასტრის წინამძღვარს, პეტრეს, 1242–50 აუშენებია ავაგ ათაბაგის (ივანეს ძის) სამწირველო; იხსენიება დემეტრე მეფე, ახპატის მამასახლისი იოვანე, ოქროპირ დეკანოზი და სიმონ წინამძღვარი ა-ისა, რ-იც ქალკედონური სამეცნ.-ლიტ. სკოლის მესვეურია და ცნობილია სიმეონ პღნძჰავანქეცის სახელით. ცალკეულ ქვებზე გვხვდება სახელები იორდანესი, „რომელმან ესე უხმარი ადგილი სახმარ ყო“, მოსე კანდელაკისა, ნიკოლოზ დეკანოზისა და სხვ. ერთ ქვაჯვარზე ასეთი წარწერაა: „ძლევაი ქრისტესი. ამა ადგილისა მაშენებელთა დემეტრეს, გიორგის, სიმონს შეუნდვენ, ღმერთო, უფალო“. ხოჟორნის ხეობაში მოპოვებულ, XIII ს. I ნახევრის ჯვრიან ქვაზე, ასომთავრულ წარწერაშიც ა-ში მოღვაწე მოსე კანდელაკი უნდა იხსენიებოდეს: „ქრისტე მესიაი, ძლევაი მტერთაი. ამა ადგილისა აღმაშენებელსა მოსეს და მისთა გარდაცვალებულთა შეუნდვენ, უფალო, ღმერთო“. ამიტომ, უნდა ვიფიქროთ, ა-ის მონასტერს ყმა-მამული ხოჟორნის ხეობაში, მხარგრძელთა უძველეს სამკვიდროშიც ჰქონია. XIII ს-იდან ა-ში გაშლილი სამონასტრო მშენებლობა ეტყობა სასიმაგრო ნაგებობებსაც, რაც ეპოქის დამახასიათებელი ჩანს. 1392 საკათოლიკოსო მამულების სითარხნის გუჯარში, სხვათა შორის, დასახელებულია ახტალის ხევზე სოფ. ვარდისუბანი.
ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) ცნობით, ა-ის მამამთავარი „შემდგომად იქნა მიტროპოლიტი და მეტოქი სომხითისა, რომლისა სამწყსო იყო ხუნანი. გარდაბანი და ბერუჯის მდინარე“. ავტორისეული დასახელებანი მაშინ აღნიშნავდა ქცია-მტკვრის შესაყარს, მტკვარ-ალგეთ-ქციის ველსა და დებედის ხევის ნაწილს. ამ ტერიტორიაზე მოსახლე ქალკედონური მრევლი იყო „სამიტროპოლიტო ახტალისა“. იქვე ნათქვამია, რომ ა. სომხითის მეტოქი (მონაცვლე სამყოფი, განყოფილება) გამხდარა. ეს ქართლის სომხითია, რ-ის მწყემსი იყო ბოლნელი ეპისკოპოსი. უნდა ვიფიქროთ, რომ ადრეულ საუკუნეებში ა-ის მრევლი ცურტავის საეპისკოპოსოში შედიოდა, რ-ის გაუქმების შემდეგაც იგი მეზობელმა ბოლნისის საეპისკოპოსომ შეიერთა.
ვახუშტის დროს ა-ის ეკლესია, „გუმბათიანი და დიდშენი“, უკვე „ხუცის ამარ“ იყო. მისივე ცნობით, ა. „უქმ არს, და აწ არს ნიში მისი“. 1770-იანი წლების ერთ საბუთში ჩამოთვლილია ქართლის „დაცლილნი აოხრებისაგან: სამიტროპოლიტო ახტალისა... საეპისკოპოსო წალკისა“ და სხვ. 1772 ი. გიულდენშტედტის სიტყვით, ა. დიდი პუნქტი ყოფილა, დასახლებული ქართველებითა და სომხებით, რ-იც 10 წლის წინ სავსებით გაუკაცრიელებულა ლეკთა თარეშის გამო. აქ მას უნახავს სპილენძისა და რკინაქვის საბადოები. ომან ხერხეულიძის (XVIII ს.) ცნობით, ერეკლე II-მ „ეძება მამულსა თვისსა მიწა ოქროსი და ვერცხლისა, რომელმანცა იპოვა სომხითის მამულსა შორის ახტალას“. ა-ის საბადოებს ადრეც ამუშავებდნენ. ერეკლე II-მ საწარმო XVIII ს. 60-იან წლებში აღადგინა. საამისოდ მან გუმუშჰანედან (თურქეთი) ბერძენ ოსტატთა 800 ოჯახი ჩამოასახლა, ა-ის ქარხნიდან მიღებულ ოქროს ბერძნები მთლიანად მეფეს აბარებდნენ, ვერცხლს მხოლოდ – 25%-ს ნატურით; დანარჩენი 75% ვერცხლის აბაზების სახით კვლავ ბერძნებს უბრუნდებოდათ. ა-ის მემამულე მელიქიშვილები მიწისა და ტყისათვის, ასევე ქ-ნების ზედამხედველობისათვის მეფისაგან იღებდნენ წლიურად 600 მანეთს და ტყვიისა და ვერცხლის ნაწილს ნატურით. ნახშირის გამოწვისა და ახტალის ქ-ნაში მიზიდვისათვის, ყაზახიდან ყოველთვიურად (შენაცვლებით) იგზავნებოდა 100 მიწერილი გლეხი, ბერძნები მათ საპალნეზე 30 კაპ. უხდიდნენ. ვერცხლსადნობი ქ-ნა ამუშავების დროიდან (1763) ომარ-ხანის მიერ მის აოხრებამდე (1785), წელიწადში იძლეოდა 300-მდე (ზოგჯერ მეტსაც) ლიტრა ვერცხლს. მეფის შემოსავალი წლიურად შეადგენდა 77 574 მან.
1785 წელს ომარ-ხანის შემოსევისას გაიძარცვა და აოხრდა ა-ის ქ-ნა, მონასტერს შეფარებული მწარმოებელი ბერძნების ნაწილი მტერმა ამოხოცა, ნაწილი ტყვედ წაიყვანა. ამის შემდეგ ქარხანას ორი წელი აღარ უმუშავია. 1787 ქ-ნამ მუშაობა განაახლა შემცირებული წარმადობით. 1795 აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას ქ-ნა მეორედ აოხრდა. გიორგი XII-ის დროს სამთამადნო ქ-ნები მოიჯარეებს გადაეცათ. მაღაროებისა და ქ-ნებიდან მიღებული ოქრო მთლიანად მეფეს ეკუთვნოდა, ვერცხლიდან კი ეძლეოდა 150 მან. XVIII ს. ბოლოს ა-ის ეპისკოპოსი ყოფილა ვარლამი, რ-ის შესახებაც იოანე ბაგრატიონი წერდა, რომ იგი იყო „აღზრდილი კათალიკოზის ანტონისგანვე, უცხო რიტორი და მშვენიერი მოქადაგე“, 1802 ა-ის მაღაროებში მომუშავე ბერძნების თხოვნით ბერძენი მღვდელი იოაკიმი ა-ის ეპისკოპოსად აკურთხეს. საქართველოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ, 1803 წლიდან, ახტალის ქ-ნები ხაზინას გადაეცა და იქ მიღებული ვერცხლი მთლიანად ხაზინაში შედიოდა. 1803–13 ა-ის ვერცხლის ქ-ნიდან მიიღეს 9 ფუთზე მეტი ვერცხლი. 1813 ა-ის წარმოება გადეცათ ბერძენ ოსტატებს, მაგრამ 1816-თვის ა-ის ვერცხლის მაღაროები საბოლოოდ გამოფიტულად ცნეს. 1864 ა-ში დაიწყეს სპილენძის გამოდნობა, 1866 მიიღეს 300 ფუთი შავი სპილენძი, 1869 კი – 40000 მან. ღირებულების პროდუქცია. 1885 ა-ის საბადოები მელიქიშვილებისაგან შეისყიდა ფრანგმა ერნსტ ტიერიმ, მაგრამ მალე ეს წარმოებაც შეწყდა საბადოების გამოფიტვის გამო.
დაბის მახლობლადაა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, XIII ს. დასაწყ. სამონასტრო კომპლექსი. აგებულია ათაბაგ ივანე I მხარგრძელის მიერ. ღვთისმშობლის შობის მთავარი ტაძარი, რ-მაც დღემდე მოაღწია, ჯვაროვან-გუმბათოვანი ტიპის ნაგებობაა. თავისი გეგმით იგი ბეთანია-ფიტარეთის ჯგუფს მიეკუთვნება. აქვს ერთი აფსიდი და ორი გუმბათქვეშა ბოძი. ძეგლის კორპუსი მთლიანად გადარჩენილია, მაგრამ გუმბათის ყელი ჩამოქცეულია. ტაძრის ფასადები უხვადაა შემკული ჩუქურთმებით, მორთულობის სისტემა ორგანულადაა დაკავშირებული XIII ს. I ნახევრისა და შუა წლების ქართ. ხუროთმოძღვრების ევოლუციასთან. აღმ. ფასადზე ტრად. 2 ნიშია, შუა ღერძზე კი, სარკმელთან ერთად, დიდი ჯვარი და ორი, კუთხით დაყენებული, მოჩუქურთმებული კვადრატი. შესრულების ტექ. დონე მაღალია. საკურთხევლის აფსიდში ბერძნულ-ქართული პარალელური წარწერებია, მთელ ეკლესიაში კი – მხოლოდ ქართული. შიგნით კედლები მთლიანად მოხატულია. მხატვრობა სტილისტიკურად რამდენიმე ქრონოლ. ფენას შეიცავს. უძველესი ფენა XIII ს. I ნახევრისაა და უახლოვდება ყინწვისის ტაძრის მოხატულობას. იგი სამხრეთის და ჩრდილოეთის მკლავების ქვედა რეგისტრებშია განლაგებული. მეორე ფენა (XIII ს. I ნახ. შუა ხანები) – საკურთხევლის აფსიდსა და სამხრეთის და ჩრდილოეთის მკლავების ზედა რეგისტრებში, ხოლო მესამე ფენა (XIII ს. II ნახ.) – დასავლეთის მკლავშია. აღსანიშნავია, რომ აფსიდში გამოხატულ წმინდანებთან – გრიგოლ განმანათლებელთან და იაკობ ნისიბინელთან ერთად დას. მკლავში გამოსახულნი არიან ქართველი წმინდანები – შიო მღვიმელი, ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელები, ილარიონ ქართველი.
მოხატულობაში შეინიშნება განსხვავებული ტენდენციები და ხელწერა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ იგი შექმნილია არა მარტო სხვადასხვა დროს, არამედ იმავდროულად რამდენიმე ოსტატის მიერ. ეს დიდებული ფერწერული ანსამბლი სქემით ერთიანად მისდევს XII–XIII სს-თა მიჯნის ქართ. ფერწერაში მიღებულ ნორმებს და ისტ. სომხეთის ეკლესიების ერთი ჯგუფის (ტიგრან ონენცისა ანისში, კობერისა და კირანცის ეკლესიები) ორთოდოქსალურ ფერწერასთან ერთად საშუალებას იძლევა თვალი გავადევნოთ იმ პერიოდის ე. წ. გარდამავალი ხანის ფერწერის განვითარების რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე გზას. ტაძარს მიშენებული აქვს კარიბჭეები და კაპელები. გარშემო რამდენიმე სამლოცველო და დიდი სამსართულიანი კოშკია.
ლიტ.: ამირანაშვილი შ., ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1971; ბერიძე ვ., ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974; ბერძენიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ქვემო ქართლი, ნაკვ. 1, თბ., 1979; გოგოლაძე დ., სამთამადნო, სამთო-საქარხნო მრეწველობა საქართველოში და კაპიტალიზმის გენეზისის ზოგიერთი საკითხი (XVIII–XIX სს.), თბ., 1966; ზაქარაია პ., ქართული ხუროთმოძღვრება. XI–XVIII სს., თბ., 1990.
დ. ბერძენიშვილი
ვ. ბერიძე
ე. პრივალოვა