ბაგრატიონი დიმიტრი გიორგის ძე (1746–1826), პოეტი, მთარგმნელი. ბაგრატიონთა ქართლის შტოს შთამომავალი.
მონაწილეობდა ერეკლე II-ის ცენტრალისტური პოლიტიკით უკმაყოფილო თავადთა შეთქმულებაში, რის გამოც მამულები ჩამოართვეს და საქართველოდან გააძევეს. ცხოვრობდა მოსკოვში, განწესდა სამხ. სამსახურში, მიიღო კაპიტნის წოდება. ზოგიერთი ცნობით, მონაწილეობდა რუს. 1812 სამამულო ომში.
ბ-ს ეკუთვნის თეიმურაზ I-ის თხზულების მიბაძვით დაწერილი „წამება ქეთევან დედოფლისა“ (დაიბეჭდა პეტერბურგში, 1819; ძვ. ქართ. ლიტ-რაში ბ. პირველი პოეტია, რ-ის ნაწარმოები ავტორის სიცოცხლეშივე გამოქვეყნდა); პროზაული თხზულება „ღამის ალერსი“; ლექსები „ჩემო მთვარეო“, „ნანა“, „სულის ყვავილი“; გალექსილი „შესაქმე“ და სხვ. ბ-ის შემოქმედებაში გამოვლინდა ე. წ. აღორძინების ხანის ქართ. მწერლობისათვის დამახასიათებელი სოფლის მდურვის მოტივი, რ-საც საფუძვლად სამშობლოსაგან მოშორება და პოლიტ. მიზნების კრახი ედო. პოეტმა თავისი თხზულებები გააერთიანა კრებულში „დიმიტრიანი“.
ბ. ქართული ანდაზების პირველი შემკრებია; თარგმნა რუსულიდან სამოელ რაბინის „ოქროს აღნაქვსი“ და „ისტორია დაწყებისა განხეთქილებისა შორის ბერძენთა და რომაელთა გამოსვლისათვის სულის წმიდისა“.
თხზ.: წამება წმიდისა ქეთევან დედოფლისა, ლექსად თქმული, სპბ., [1819]; ღამის ალერსი, «ცისკარი», 1853, №2; დიმიტრიანი, გამოსაცემად მოამზადა რ. ნაკაშიძემ, თბ., 1978.
ლიტ.: კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, [ტ.] 2, თბ., 1958; ნაკაშიძე რ., დიმიტრი ბაგრატიონი, «მაცნე», 1967, №3; რ უ ხ ა ძ ე ტ., ძველი ქართული ლირიკის ისტორიიდან, თბ., 1954; ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966.
მ. გუგუშვილი