ბაგრატიონი იოთამ (ივანე) ვახუშტის ძე (1726–25. XII. 1781), რუსეთის არმიის გენერალ-პორუჩიკი (1760-იან წლებში), ვახუშტი ბატონიშვილის ძე.
აღიზარდა რუსეთში. სწავლობდა პეტერბ. უნ-ტთან არსებულ გიმნაზიაში, 1749-იდან რუს. სამხ. სამსახურშია. იბრძოდა შვიდწლიან ომში (1756–63), რუსეთ-ოსმალეთის ომში (1768–74), მოგვიანებით მეთაურობდა სიმბირსკის კორპუსს.
ახლო ურთიერთობა ჰქონდა კათალიკოს ანტონ I-თან, ლ. ეილერთან, ჟ. დელილთან, მ. ლომონოსოვთან და სხვა ცნობილ მეცნიერებთან. დაკრძალულია მოსკოვში, დონის მონასტერში.
1793 მისი საფლავის ქვის წარწერა მკვლევარმა დ. მაქსიმოვიჩმა შეცდომით მამის-ვახუშტის ეპიტაფიად მიიჩნია. ეს მცდარი ცნობა შევიდა სხვადასხვა მეგზურში და ზოგიერთმა ქართვ. მკვლევარმაც გაიზიარა.
ფ. სიხარულიძე