ბაგრატიონი ნიკო გიორგის ძე, ნიკო ბური (1868, მუხრანი, – 1933, თბილისი), ინგლისელებისა და ბურების ომის (1899–1902) მონაწილე.
წარმოშობით ეკუთვნოდა ქართლის ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს. 1899 პეტერბურგს გაემგზავრა, იქიდან – პარიზში, შემდეგ მარსელზე გავლით ალექსანდრიაში (ეგვიპტე) ჩავიდა. იმ ხანებში დაიწყო ინგლის-ბურების ომი. ბ., როგორც მოხალისე, ტრანსვაალში გაემგზავრა და ინგლისელების წინააღმდეგ იბრძოდა. იგი ახლოს გაეცნო ტრანსვაალის პრეზიდენტს პაულუს კრიუგერს, გამოჩენილ სარდლებს პეტრუს ჟუბერსა და ლუის ბოტას.
ბურების დამარცხების შემდეგ ბ. მონაწილეობდა პარტიზ. მოძრაობაში. ერთ-ერთი ბრძოლის დროს ინგლისელებმა დაატყვევეს და დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ როგორც საქართველოს სამეფო გვარის შთამომავალს, დახვრეტა შეუცვალეს წმ. ელენეს კუნძულზე გადასახლებით, საიდანაც იგი ჯერ საფრანგეთში, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა.
ბ-მა დაწერა მოგონებების წიგნი „ბურებთან“. პირველ ნაწილში აღწერა თავისი ოჯახის თავგადასავალი, XIX ს. II ნახ. საქართველოს ყოფის ცალკეული სურათები, მეორე, უფრო ვრცელი ნაწილი მიუძღვნა ტრანსვაალის ომს და თავის მონაწილეობას ამ ომში.
თხზ.: ბურებთან (მოგონება), თბ., 1951; ჩემი აფრიკული მოგზაურობის ფინალი (1900 წ. ივნისი-ივლისი), თბ., 2016.
გ. ნატროშვილი