ბაგრატიონი პეტრე ივანეს ძე

ბაგრატიონი პეტრე ივანეს ძე [1765, ყიზლარი, ახლანდ. დაღესტანი, – 12 (24). IX. 1812, სოფ. სიმი, ახლანდ. ვლადიმირის ოლქი], რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერალი (1809), რუსეთის 1812 სამამულო ომის გმირი.

ვახტანგ VI-ის ძმის, იესეს, შვილიშვილის შვილი. მისი პაპა, ალექსანდრე, ყიზლარში დასახლდა 1759, მამა ივანე რუს. არმიის პოლკოვნიკი იყო. 17 წლის ბ-მა სამხ. სამსახური დაიწყო კავკ. მუშკეტერთა პოლკის სერჟანტად. მონაწილეობდა კავკ. მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში. 1787–91 რუს.-ოსმ. ომის დროს თავი გამოიჩინა ოჩაკოვის სიმაგრის აღებაში (1788). 1793–94 მონაწილეობდა პოლ. კამპანიაში. 1798 პოლკოვნიკი გახდა და უსტიუგის ეგერთა პოლკის მეთაურად დაინიშნა (შემდგომში ამ პოლკს მისი სახელი ეწოდა). 1799 თავისი პოლკით (უკვე გენ.-მ) მონაწილეობდა ა. სუვოროვის ლაშქრობებში იტალიასა და შვეიცარიაში. მეთაურობდა ავანგარდს და ყველა დიდ ბრძოლაში გამოიჩინა თავი.

საფრანგეთთან 1805–07 ომში სოფ. შენგრაბენთან (1805 ოქტ.) მან 6-ათასიანი რაზმით შეაჩერა ფრანგთა 30-ათასიანი 2 კორპუსი და რუს. ჯარები ალყაში მოქცევას გადაარჩინა. ამ ბრძოლისათვის გენ.-ლეიტენანტის (1805) წოდება მიიღო. ბ-მა თავი გამოიჩინა აგრეთვე აუსტერლიცის, პროისიშ-აილაუსა და ფრიდლანდის ბრძოლებში.

1808–09 მონაწილეობდა შვედეთან ომში, სარდლობდა 21-ე დივიზიას (1809 გაზაფხულზე დაიკავა ალანდის კ-ები). 1809–10 მარტამდე სარდლობდა მოლდ. არმიას რუს.-ოსმ. ომში (1806–12). 1811 აგვ-იდან სარდლობდა პოდოლსკის არმიას, 1812 მარტიდან – II დას. არმიას. 1812 ომის დაწყებისას ბ-მა ოსტატური მანევრით, ბრძოლებით უკან დაიხია, ნაპოლეონის ჭარბი ძალების დარტყმებს აერიდა და უვნებლად მიიყვანა არმია სმოლენსკში, სადაც I დას. არმიას შეუერთდა.

ბოროდინოს ბრძოლაში (1812) იგი სარდლობდა რუს. არმიის მარცხ. ფრთას, რ-ის წინააღმდეგ იყო მიმართული ფრანგების მთავარი დარტყმა. მოიგერია მტრის 7 იერიში, გამოიჩინა განსაკუთრებული სიმტკიცე და სიმამაცე, მაგრამ მძიმედ დაიჭრა და ბრძოლას გამოეთიშა. გარდაიცვალა სოფ. სიმში, დაკრძალეს იქვე, 1839 კი ბოროდინოს ველზე გადაასვენეს.

ლიტ.: ლ ო მ ო უ რ ი  თ., პეტრე ბაგრატიონი, თბ., 1946; ნ ა კ ა შ ი ძ ე  ნ., ბოროდინოს გმირი, თბ., 1961; Багратион в Дунайских княжествах. Сб., документов, Киш., 1949; Генерал Багратион. Сб., документов и материалов, Л., 1945; Р о с т у н о в  И. И., П. И. Багратион, М., 1947.

ნ. ნაკაშიძე