ბაგრატიონი რომან (რევაზ) ივანეს ძე (X. 1778, ყიზლარი, – 1834), რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1829), მხედართმთავარ პეტრე ბაგრატიონის უმცროსი ძმა.
საქართველოს ამბებით დაინტერესებული 1806 პ. ბაგრატიონის დავალებით სამშობლოში ჩამოვიდა აქაური ვითარების შესასწავლად და თავადაზნაურობის პოზიციის გასარკვევად. რუსეთთან საქართველოს შეერთებით უკმაყოფილო თავადებმა თავიანთი სურვილები თხოვნის სახით ჩამოაყალიბეს და პ. ბაგრატიონისათვის გადასაცემად ბ-ს ჩააბარეს. ამან შეაშფოთა საქართველოს რუს. მმართველობა. მთავარმართებლის მოთხოვნით, ბ. სასწრაფოდ რუსეთს გაიწვიეს.
მონაწილეობდა რუსეთის 1812 სამამულო ომში. XIX ს. 20-იან წლებში ბ. კავკასიის არმიაში მსახურობდა და ირან-ოსმ. წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობდა.
იგი თბილისში დასახლდა. მისი სახლი გადაიქცა სალონად, სადაც იკრიბებოდა თბილ. მოწინავე საზ-ბა. 1832 ბ-ის სახლში დაიდგა ა. გრიბოედოვის კომედია „ვაი ჭკუისაგან“.
ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965.
ა. ბენდიანიშვილი