ბაგრატიონ-იმერეტინსკი დიმიტრი გიორგის ძე

ბაგრატიონ-იმერეტინსკი დიმიტრი გიორგის ძე (1799 ან 1800 – 6. XI. 1845), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1836), მცირეწლოვანი დიმიტრი, ისევე როგორც მისი უფროსი ძმა ალექსანდრე, დაპატიმრებული ჰყავდა იმერეთის მეფეს სოლომონ II-ს, რ-საც სურდა დაეცვა ტახტი პოტენციური პრეტენდენტებისაგან. პატიმრობიდან გაქცევის შემდეგ (1811) დასახლდა რუსეთში.

1816 დაამთავრა პაჟთა კორპუსი. სამხ. სამსახური დაიწყო ლიტვის ულანთა პოლკში. 1817-იდან მსახურობდა ლაიბ-გვარდიის ულანთა პოლკში. თავი გამოიჩინა 1828–29 რუს.-ოსმ. ომში. 1833 დაინიშნა კურლანდიის, ხოლო 1837 გროდნოს ლაიბგვარდიის ჰუსართა პოლკების მეთაურად. 1845-იდან მეთაურობდა II მსუბუქ ცხენოსანთა დივიზიას. დასაფლავებულია სანქტ-პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის ლავრაში, ლაზარეს სასაფლაოზე.

ლიტ.: გ ო ნ ი კ ი შ ვ ი ლ ი  მ., ბაგრატიონთა დასახლება და მოღვაწეობა რუსეთში, თბ., 1986.

ო. ჟორდანია