ახჩა

ახჩა (თურქ. akca ‒ მოთეთრო), ოსმალური ვერცხლის ფულის ძირითადი ერთეული, პირველად სულთან ორხანის დროს მოჭრეს 1326–27.

ევროპაში ა. ცნობილი იყო ასპრის ან ასპერის სახელწოდებით (ბერძნ. aspron ‒ თეთრი). ა-ს ავერსზე ეწერა სულთნის სახელი, რევერსზე ‒ კეთილსასურველი ფორმულა, მოჭრის დრო და ადგილი. თავდაპირველად 1,20 გ უდრიდა. XVII ს-ში მისი მასა 0,19–0,13 გ-მდე შემცირდა, ლითონის ხარისხიც მკვეთრად გაუარესდა. XVIII ს-ში ა-ს იშვიათად ჭრიდნენ. XV–XVII სს-ში ა. ფართოდ გავრცელდა დას. საქართველოში და მისი მინაბაძებიც მოიჭრა.

ლიტ.: Быков А. А., Монеты Турции XIV – XVII вв. Л., 1939; Schrōtter V., Wōrterbuch der Münzkunde, B.-Lpz., 1930.

ი. ჯალაღონია