ახჩია

ახჩია, შუა საუკუნეთა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ასპინძის მუნიციპალიტეტში, ვარძიის სამხრ.-დას-ით 8 კმ-ზე, ნასოფლარ ახჩიის განაპირას.

1984-მდე ძეგლი მიუვალი იყო. მას შემდეგ, რაც აქ აჭარლების ჩამოსახლება დაიწყო და მის მეზობელ სოფ. მტკვარში (ყოფ. მირაშხანი) გაიყვანეს გზა, შესაძლებელი გახდა ძეგლთან მისვლა. იმავე წელს თითქმის დანგრეულ ეკლესიას სარესტავრაციო სამუშაო ჩაუტარეს და აღადგინეს (არქიტ. თ. ნემსაძე). ეკლესია ერთნავიანია. დგას მაღალი, ფრიალო კლდის ძირში, მისი დას. კედელი უშუალოდ კლდეზეა დაშენებული; ეკლესიის დას. ნაწილი კი მის თავზე გადმოკიდებული კლდის ქვეშაა სანახევროდ მოქცეული. ნაგებია ბაზალტის ქვით და კირის სქელი დუღაბით. ფასადის წყობაში დიდი ზომის ქვებია გამოყენებული, შიგნით – უფრო პატარა ზომისა. კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ელემენტები – პილასტრები, აღმ. აფსიდის მხრები, სვეტის თავები, თაღები და შესასვლელები – სუფთად გათლილი, კარგად მორგებული ქვითაა ამოყვანილი. ერთადერთი შესასვლელი სამხრ. ფასადის დას. ნაწილშია გაჭრილი. კარი გარედან სწორკუთხაა, შიგნით თაღოვანი. ინტერიერი პილასტრების ერთ წყვილზე ამოყვანილი საბჯენი თაღით ორ თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი. გადახურულია კამარით. საკურთხეველში, სარკმლის ქვეშ, ტრაპეზის ქვა დევს, რ-ზედაც ტოლმკლავა, ბოლოებგაფართოებული ჯვარია ამოკვეთილი. მოხატულობის კვალი არ ჩანს. აღმ. ფასადზე, სარკმლის თავზე ჩასმულ ქვაზე, ამოკვეთილია ტოლმკლავა ჯვარი.

თ. ნემსაძე