აჯიაშვილი ჯემალ (სიმონ) დავითის ძე

აჯიაშვილი ჯემალ (სიმონ) დავითის ძე ( 23. III. 1944, ქ. სენაკი,– 5.I. 2013, ისრაელი), მწერალი. საქართვ. რესპუბლიკის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1990).

დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1967). თბილ. ს.-ს ორბელიანის სახ. პედ. უნ-ტის ორიენტალისტიკის კათედრის გამგე (1993-იდან). 1974‒90 მუშაობდა საქართვ. მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტ. ურთიერთკავშირების მთავარ სარედაქციო კოლეგიაში უფროს სამეცნ. რედაქტორად. 2003-იდან იყო საქართვ. ებრაელთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი. იყო ასევე ებრაულ თემთა ევროკავშირის ორგანიზაციის წევრი. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1961–62 წლებში, სპარს. და ებრ. პოეზიის ნიმუშების პირველი თარგმანები – 1964, 1966, 1969. ა-ის მაღალი ოსტატობით შესრულებული კლასიკური ებრ. პოეზიის ნიმუშების თარგმანები შევიდა მის პირველ წიგნში „შუა საუკუნეების ებრაული პოეზია“ (1979) და მისსავე პოეტურ კრებულში „შროშანი ღელეთა“ (1994). თბილ. კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. თეატრში მისი თარგმანის მიხედვით დაიდგა იაპ. კლასიკოსის მონძაემონ ჩიკამაცუს დრამ. პოემა „შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე“ (1981, ცალკე წიგნად გამოვიდა 1980 და 1991), იტალ. დრამატურგის კ. გოცის პოემა-ზღაპარი „ლურჯი ურჩხული“ (1984), ესპ. დრამატურგის ტირსო დე მოლინას „მწვანეშარვლიანი დონ ხილი“. ა-ს თარგმნილი აქვს აფხ. ხალხ. ეპოსი „ამბავი ნართებისა“ (1980, გ. ბაქანიძესთან ერთად), სპრს. (ომარ ხაიამი, ფირდოუსი), იტალ. (ფ. პეტრარკა, ა. ვივალდი), გერმ. (ი. ვ. გოეთე, რ. მ. რილკე, ნ. ზაქსი, პ. ჰუხელი) პოეზიის ნიმუშები, ძველეგვიპტური სიმღერები, რუსი პოეტების ბ. პასტერნაკის, ვ. მაიაკოვსკის, ო. მანდელშტამის, ს. ესენინის, ე. ევტუშენკოს, ლიტვ. – ი. მარცინკიავიჩუსის, ბელორუსი – ი. კუპალას, სომეხი – ვ. ტერიანისა და სხვათა ლექსები, აგრეთვე ბიბლიური ფსალმუნები (ცალკე წიგნად – 1995).

ა. არის ი. ჭავჭავაძის სახ. პრემიისა [1991, მიანიჭა პარიზის ქართ.-ევრ. ინ-ტმა უ. შექსპირის პოემის „პატივაყრილი ლუკრეციას“ (1991) თარგმნისათვის], საქართვ. სახელმწ. პრემიის [1994, პუბლიც. წიგნისთვის „გამოიღვიძე, ქნარო“ (1992)] და ლიტ. პრემია „საბას“ ლაურეატი ‒ 2005‒საუკეთესო თარგმანისათვის „ვარსკვლავთა ჩრდილში მაღალთა თანა“.

საქართველოს პარლამენტის წევრი (1993; 1995), ებრ. სათვისტომოების საერთაშ. გაერთიანება „ვაადის“ პრეზიდიუმის, ჟურნ. „საუნჯის“, გაზ. „ალია საქართველოდან“ და „ივერიის“ რედკოლეგიების წევრი.

ა-ს 1996 მიენიჭა ღირსების ორდენი.