აჯი-ჩალაბი

აჯი-ჩალაბი, ჰაჯი ჩელები ყურბან-ოღლუ (გ. 1755), აზერბაიჯანის სახელმწიფო მოღვაწე, შაქის სახანოს დამაარსებელი და მისი პირველი დამოუკიდებელი ხანი.

XVIII ს. 40-იან წლებში ხელმძღვანელობდა ანტიირან. განმათ. მოძრაობას, 50-იან წლებში დაიმორჩილა ყაბალა და არეშის სასულთნო, იბრძოდა განჯისა და ყარაბაღის სახანოებზე გასაბატონებლად.

საქართველოსთან ურთიერთობაში თავდაპირველად ქართლ-კახეთის პოლიტ. უპირატესობას აღიარებდა. 1749–50 მისი მოკავშირე იყო ყარაბაღზე ლაშქრობაში. 1751 მონაწილეობდა ქართლ-კახეთის ლაშქრობაში ჭარ-ბელაქნის უბატონო თემების დასამორჩილებლად, მაგრამ ჩათვალა, რომ ქართველთა გამარჯვება საფრთხეს შეუქმნიდა მისი სახანოს დამოუკიდებლობას და ბრძოლის გადამწყვეტ მომენტში მოწინააღმდეგის მხარეზე გადავიდა (იხ. აგრის ბრძოლა 1751). აგრიჩაისთან ქართველთა დამარცხების შემდეგ ა.-ჩ-მა დაიმორჩილა კაკის სასულთნო და ჭარ-ბელაქანი. ცდილობდა თავის ხელქვეით გაეერთიანებინა სამხრ. კავკ. აღმ. ნაწილის მაჰმადიანური სახანოები და ფართო რელიგ. პროპაგანდას ეწეოდა საქართვ. მაჰმადიანური პროვინციების მისამხრობად. განჯის ბრძოლაში (1752) ა.-ჩ-მა დაამარცხა ქართლ-კახეთის ლაშქარი, დაიკავა განჯა, ყაზახი და ბორჩალო.

1755 შირვანზე გაილაშქრა, მაგრამ შირვანისა და ყუბის გაერთ. ლაშქრის წინააღმდეგობას წააწყდა და დიდი დანაკარგით უკუიქცა. იმავე წელს გარდაიცვალა.

ლ. ტუხაშვილი