აჰმედი თაჯედინ იბრაჰიმ იბნ ჰიზრი

აჰმედი (Ahmedi) თაჯედინ იბრაჰიმ იბნ ჰიზრი (1335 – 1412, ამასია), თურქი პოეტი, საკარო პოეზიის ერთ-ერთი ფუძემდებელი თურქულ ლიტ-რაში.

მოღვაწეობდა მეცენატის, ბაიაზიდ I-ის ვაჟის სულეიმან-შაჰის კარზე. ა. ავტორია კასიდებისა და ღაზალების დივანისა, პოემებისა. მისი მთავარი თხზულებაა „ისქანდერნამე“ (1400), პოემა ალექსანდრე მაკედონელის შესახებ, რ-იც ნიზამის ამავე სახელმწ. პოემის მიხედვითაა დაწერილი. ეს პოემა ოსმ. საისტ. მწერლობის პირველი ძეგლია. იგი წარმოადგენს ვრცელ ფილოს. ტრაქტატს, რ-შიც ისქანდერი მსჯელობს სოკრატესთან, პლატონთან, არისტოტელესა და ჰიპოკრატესთან სამყაროსა და კაცობრიობის შესახებ. მსჯელობა მოიცავს ასტრონ., გეოგრ., მედ., ზღვაოსნობისა და სხვ. სფეროებს. შეიცავს დიდაქტ. წიაღსვლებს, გადმოსცემს მცირე აზიის ისტორიას, კერძოდ, იგი აღწერს არღუნ-ყაენის ლაშქრობას საქართველოში. პოემა მთლიანად არ არის გამოცემული, მხოლოდ ზოგიერთი ნაწყვეტია სხვადასხვა ანთოლოგიაში დაბეჭდილი. პოემის ბევრი ხელნაწერი ინახება ევრ. და აზიის საცავებში.

საქართვ. მეცნ. აკად. ხელნაწერთა ინ-ტში დაცულია 2 ნუსხა. პირველი გადაწერილია 1531, მეორე თარიღდება XV ს. დასასრ. და XVI ს. დასაწყისით. ამ უკანასკნელის მიხედვით გამოქვეყნდა თავი „არღუნ-ყაენის ლაშქრობა საქართველოში“. პოემაში აღნიშნულია, რომ არღუნ-ყაენის ლაშქარსა და ქართველებს შორის დიდი ბრძოლა მოხდა დარუბანდთან. არის ცნობები საქართველოდან წასხმულ ტყვე-მხევალთა რაოდენობისა (150000) და ნადავლის შესახებ. საქართველოში მონღოლთა შემოსევების საერთო სურათი პოემაში აღწერილია პოეტურად და არა ისტ. სინამდვილის ზედმიწევნითი დაცვით. შესაძლებელია ეს ცნობები ა-ს გაგონილი ჰქონდა თემურლენგისაგან, რ-ის კარის პოეტი და ნადიმიც (თანამეინახე) იყო იგი ერთხანს (1403-იდან). იმ წლების ოსმ. ქრონიკა მოღწეული არ არის. ამდენად ოსმ. და სპარს. ისტორიკოსები „ისქანდერნამეს“ პირველწყაროდ იყენებენ.

ლიტ.: აბულაძე ც., აჰმედი საქართველოში არღუნ-ყაენის ლაშქრობის შესახებ, კრ.: შოთა რუსთაველი, თბ., 1966.

ც. აბულაძე