აჰმედ-ფაშა, ხიმშიაშვილი

აჰმედ-ფაშა, ხიმშიაშვილი (გ. X. 1836), ყარს-ჩილდირის ფაშა 1829–36, სელიმ-ფაშას ძე, აჭარის სანჯაყ-ბეგთა შთამომავალი.

1815 როცა ოსმალებმა სელიმ-ფაშა დასაჯეს, ა. და მისი ძმა აბდულა გურიაში მამია V გურიელს შეეხიზნენ. აჭარიდან ოსმალთა დამსჯელი ექსპედიციის წასვლის შემდეგ ა. სოფ. ნიგაზეულში (ახლანდ. შუახევის მუნიციპ. ) დაბრუნდა და კვლავ დაეუფლა აჭარას, ნიგაზეულიდან ხულოში გადავიდა და ძვ. ქართ. ეკლესიის ნანგრევებზე სასახლე ააგო. რუს.-ოსმ. (1828 – 29) ომის დროს ოსმალთა მხარეზე იბრძოდა. ამ დროს მიანიჭეს ფაშობის ხარისხი ორი თუღით (იხ. თუღი). რუს-ქართველთა ჯარის მიერ სამცხე-ჯავახეთის განთავისუფლების შემდეგ (1828) ოსმ. მთავრობამ ა-ს ახალციხის ვილაიეთის ბეგლარბეგობა უბოძა და სამცხე-ჯავახეთის ხელახლა დაპყრობა დაავალა. 1829 ა-მ 15 ათ. მეომრით ახალციხე დაიპყრო და გაძარცვა, მაგრამ ქალაქის ციტადელში გამაგრებული გენ. ვ. ბებუთოვის გარნიზონი არ დანებდა. რუსთა მაშველი რაზმის მისვლის შემდეგ ა. იძულებული გახდა აჭარაში დაბრუნებულიყო. რუს. მთავრობის ცდა ‒ თავის მხარეზე გადმოეყვანა ა. ‒ უშედეგოდ დამთავრდა.

ადრიანოპოლის ზავის (1829) შემდეგ ოსმ. ხელისუფლებამ ა. ახლად შექმნილი ყარს-ჩილდირის საფაშოს ბეგლარ - ბეგად დანიშნა. მას მიანიჭეს ფერიქის (გენერალ-ლეიტენანტის) წოდება და ორდენებით დააჯილდოვეს. 1836 მას არზრუმის საფაშოც დაუმორჩილეს.

ა. ითვლებოდა აღმოსავლეთის ვილაიეთების ფრონტის სარდლად, არზრუმის სერასკერად. დაიღუპა ურჯემში (ანატოლია) ქურთების აჯანყების ჩაქრობის დროს.

ლიტ.: ახვლედიანი ხ., სახალხო განმათავისუფლებელი ბრძოლის ისტორიიდან სამხრეთ საქართველოში, ბათ. 1956; ლომსაძე შ., სამცხე-ჯავახეთი (XVIII საუკუნის შუაწლებიდან XIX საუკუნის შუაწლებამდე), თბ., 1975.

შ. ლომსაძე