აჰმედ-ფაშას ლაშქრობა საქართველოში

აჰმედ-ფაშას ლაშქრობა საქართველოში 1549, ოსმალთა ვეზირის აჰმედ-ფაშას ლაშქრობა სამცხე-საათაბაგოში.

ოსმალთა სულთანმა სულეიმან I-მა (1520–66) სპარსეთის წინააღმდეგ განზრახული ომის წინ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობა გადაწყვიტა. 25 აგვ. ოსმალთა 40-ათასიანი ჯარი მეორე ვეზირის აჰმედ-ფაშას სარდლობით საქართველოსაკენ დაიძრა. 13 სექტემბერს მტერმა ალყა შემოარტყა და ზარბაზნების ცეცხლი დაუშინა თორთუმის ციხეს. ქართველთა მედგარი წინააღმდეგობის მიუხედავად მტერმა შეძლო ციხის აღება. ამის შემდეგ მან დაიკავა ფანასკერტი, ნიხახი, ამირახორი, ახჩაყალა, მეორე ახჩაყალა, თალხისი, ლივანის ხეობა და ტაოს მხარე ‒ სულ 35 ციხე. ოსმალებმა 14 ციხე დაანგრიეს, 21-ში კი თავიანთი გარნიზონი ჩააყენეს. დაპყრობილ ტერიტორიაზე თორთუმის, ქიამხის, ახჩაყალისა და ლივანის სანჯაყები დააარსეს. მტერი ამ მხარეში თავისი მმართველობისა და ზნე-ჩვეულებების დანერგვას შეუდგა.

წყარო: იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, ს. ჯიქიას გამოც., თბ., 1964.

ლიტ.: სვანაძე მ., საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVI–XVII სს., თბ., 1971.

მ. სვანიძე