აჰმედ ჯალაირი

აჰმედ ჯალაირი ღიას ალ-დინ აჰმედ (გ. 1410), თურქმანთა ტომის მეთაური, ჯალაირიდების დინასტიის (1336–1410) უკანასკნელი წარმომადგენელი.

1382 ხელთ იგდო ძალაუფლება. 1385 ეომებოდა ოქროს ურდოს ყაენს თოხთამიშს, რ-ის ლაშქარი დარუბანდისა და დარიალის გზით სამხრ. კავკასიას აღმ. ნაწილში და ირანის აზერბაიჯანში შეიჭრა და ააოხრა. ამავე დროს ა. ჯ. ხანგრძლივ ომებში ჩაება ირანში შემოჭრილ თემურლენგთან. იგი შეუკავშირდა საქართველოს მეფე გიორგი VII-ს, რ-იც ცდილობდა თემურლენგის წინააღმდეგ მებრძოლ ძალთა გაერთიანებას. ა. ჯ-ის შვილი თაჰერი 1399 საქართვ. ჯარმა გაათავისუფლა თემურლენგის ლაშქრის მიერ გარშემორტყმული ალინჯის ციხიდან. მან ერთხანს საქართველოს შეაფარა თავი. 1400 თემურლენგმა გიორგი მეფეს ელჩი გაუგზავნა და მასთან შეხიზნული ა. ჯ-ის შვილის გაცემა მოსთხოვა. გიორგი მეფემ უარი შეუთვალა თემურლენგს, რაც საქართვ. ახ. აოხრების საბაბი გახდა. გიორგი მეფე დარწმუნდა, რომ მას ა. ჯ-ის შვილის მფარველობა აღარ შეეძლო და მას საქართველოდან წასვლა შესთავაზა. თემურლენგთან ომში დამარცხებული ა. ჯ. 1400 თავის შვილთან ერთად ოსმალეთში გაიქცა, შემდეგ კი ეგვიპტეში გაიხიზნა.

თემურლენგის გარდაცვალების შემდეგ ა. ჯ. ჯალაირიდთა სახელმწიფოს აღდგენას შეუდგა (1406), მაგრამ ირან. აზერბაიჯანში მის გაბატონებას წინ აღუდგნენ „შავბატკნიანი“ თურქმანები (იხ. ყარა-ყოიუნლუ). 1410 წ. 30 აგვ. მათ სასტიკად დაამარცხეს ა. ჯ. თავრიზის მახლობლად, დაატყვევეს შვილებთან ერთად და სიკვდილით დასაჯეს.

ლიტ.: კაციტაძე დ., საქართველო XIV–XV საუკუნეთა მიჯნაზე, თბ., 1975; ტაბატაძე კ., ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ XIV–XV საუკუნეების მიჯნაზე, თბ., 1974; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1966 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3, 1982).

ვ. ჩოჩიევი