ბაგრატის ტაძრის წარწერები

ბაგრატის ტაძრის წარწერები, ტაძრის აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის კედლებზე ამოკვეთილი ქართული ასომთავრული წარწერები.

მთავარი სამშენებლო წარწერა, რ-შიც ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფე და კურაპალატი და დედამისი – გურანდუხტ დედოფალი იხსენიებიან, ამოკვეთილია ტაძრის აღმოსავლეთი ფასადის სარკმლებს ზემოდან შემოვლებული ჩუქურთმიანი თაღედის ქვედა ბრტყელ წახნაგზე. ტექსტის მონაცემებით (ბაგრატ III-ის ტიტულატურა) იგი 1001–08-ით თარიღდება.

ჩრდ. კედელზე, აღმ. მკლავის ჩრდ. სარკმლის ქვემოთ ჩასმულ დიდი ზომის ქვის ფილაზე, სარკმლის ღიობის ორივე მხარეს ამოკვეთილია ორი წარწერა: შედარებით ვრცელი, 6-სტრიქონიანი, მარცხ. წარწერა შინაარსით მემორიალურია და შეიცავს ბაგრატ III-ის განდიდების ტექსტს: „ქ. ჵ, მეუფეო, მფლობელო ყოველთა სუფევათაო, უმეტესად ადიდე ძლიერი ბაგრატ კურაპალატი, აფხაზთა და ქართველთა მეფეჱ, თანა: მამით, დედით, დედოფლით და ძით მათით, ამენ“. ტექსტის მონაცემებით (ბაგრატ III-ის ტიტულატურა, მისი დედისა და მამის ცოცხლად მოხსენიება) ეს წარწერაც, აღმ. ფასადის წარწერის მსგავსად, 1001–08-ით თარიღდება. მარჯვნივ ამოკვეთილი წარწერის ტექსტი ასეთია: „ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223“, ე. ი. 1003. ეს წარწერა ქართულ წერილობით ძეგლებში პირველად გადმოსცემს თარიღს არაბ. ციფრებით (მანამდე და შემდეგაც კარგა ხანს ისინი ასონიშნებით გადმოიცემოდა).

წყარო: დასავლეთ საქართველოს წარწერები, შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ვ. სილოგავამ, ნაკვ. 1, თბ., 1980; ქართული წარწერების კორპუსი (IX–XIII სს.), შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ნ. შოშიაშვილმა, ნაკვ. 1, თბ., 1980.

ვ. სილოგავა