ბაგრატ კურაპალატის სამართალი, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულის ნუსხებში შეტანილი, ბექასა და აღბუღას სამართლის წიგნს დართული კანონები. მისი შემდგენლის ვინაობა და შედგენის დრო საბოლოოდ გარკვეული არ არის.
ბექასა და აღბუღას სამართლის წიგნის დანართში 98-ე მუხლის მომდევნო – 99–170 მუხლები შედის. დანართი ივ. ჯავახიშვილმა გამოავლინა და პირველმა გამოთქვა აზრი, რომ მისი ნაწილი (99–103 მუხლები) ბ. კ. ს-ის წიგნის ნაწყვეტია. სამეცნ. ლიტ-რაში არსებობს აგრეთვე მოსაზრება, რ-ის თანახმადაც ბაგრატ კურაპალატს უნდა ეკუთვნოდეს დანართის 99–160 მუხლები (ი. დოლიძე).
ამ კანონების შემდგენელი ბაგრატი (დანართში იგი „კურაპალატად“ და „მეფეთ-მეფედ“ იწოდება), სხვადასხვა მკვლევრის აზრით, უნდა იყოს ბაგრატ I კურაპალატი (826–876) ან ბაგრატ III (975–1014; ივ. ჯავახიშვილი), ალექსანდრე I დიდის (1412–42) ძმა ბაგრატი (ს. კაკაბაძე), ბაგრატ III ან ბაგრატ IV (1027–72; ი. სურგულაძე), ბაგრატ IV (ი. დოლიძე) ან ბაგრატ I (ა. კიკვიძე).
ბ. კ. ს. საქართვ. გაერთიანების ხანის სჯულდებაა. მასში ასახულია განვითარებული ფეოდ. საზ. ურთიერთობები, განმტკიცებულია სამღვდელოების პრივილეგირებული მდგომარეობა. ძეგლი უმთავრესად სისხლის სამრთ. ნორმებს შეიცავს. დანაშაულთაგან აღსანიშნავია მკვლელობა, სხეულის დაზიანება, შეურაცხყოფა, ცილისწამება, გაძარცვა, ქურდობა; სასჯელთა სახეთაგან – სიკვდილით დასჯა, დასახიჩრება („ჴელთა შეპყრობა“), დამნაშავის გადაცემა დაზარალებულისათვის („ჴელთა მიცემა“), აგრეთვე ქონებრივი სასჯელი („სისხლი“ ან ჭრილობის საზღაური – გერში). ამ დანართი კანონების ბევრი მუხლი სამართალწარმოებისა და სასამართლო წყობილების საკითხებს ეხება. მტკიცებულებათაგან აღსანიშნავია ფიცი.
ბ. კ. ს-მა გავლენა მოახდინა შემდგომი პერიოდის კანონმდებლობაზე.
წყარო: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 1, თბ., 1963, გვ. 464–478, 625–636.
ლიტ.: დ ო ლ ი ძ ე ი., ძველი ქართული სამართალი, თბ., 1953, გვ.43–63, 335–345; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 1, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 6).
ი. დოლიძე