ბაგრატ მუხრანბატონი, ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVI ს. I ნახევარში, მწერალი, მეფე დავით X-ის ძმა, ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოსა და სათავადოს ფუძემდებელი, ქართლის სამეფოს მემარცხენე სადროშოს სარდალი.
ბ. მ-მა ითავა კახეთის მეფის ავგიორგის (იხ. გიორგი II) ქართლში გამუდმებული თარეშის ალაგმვა. 1512 მეფეს საუფლისწულოდ გამოსთხოვა მუხრანი და სადროშო, რაც საფუძვლად დაედო სამუხრანბატონოს შექმნას. ბ. მ. სოფ. ციხისძირის თავს, მის მიერვე აგებულ ქსნის ციხეში გამაგრდა. ავგიორგი 3 თვის უშედეგო ალყის შემდეგ იძულებული გახდა გაბრუნებულიყო. 1513 ქართლში ერთ-ერთი ლაშქრობის შემდეგ უკან მიმავალი გიორგი II ძალისსა და ჭაპურს შუა (ახლანდ. მცხეთის მუნიციპ.) ხევში ჩასაფრებულმა ბ. მ-მა შეიპყრო და ციხეში დაამწყვდია, სადაც იგი გარდაიცვალა (ერთი ვერსიით – მოაშთვეს). ბ. მ. დავით X-თან ერთად ცდილობდა კახეთის სამეფოს გაუქმებას და ქართლთან შეერთებას. XVI ს. 20-იანი წწ. ბოლოსა და 30-იანი წწ. დასაწყისში ბ. მ. ბარნაბეს სახელით ბერად შედგა.
ბ. მ-ს ეკუთვნის ძვ. ქართული მწერლობის პოლემიკური ჟანრის ერთ-ერთი საყურადღებო ნაწარმოები, ანტიმაჰმადიანური თხზ. „მოთხრობაჲ სჯულთა უღმრთოთა ისმაილიტთაჲ“. ავტორი განიხილავს მაჰმადიანური სარწმუნოების ისტორიას და ქრისტიანობის აპოლოგეტის პოზიციიდან განაქიქებს ამ რელიგიას. თხზულება აგრეთვე შეიცავს მოკლე ცნობებს ძვ. ქართველ მთარგმნელთა შესახებ. მასში პირველად არის მოხსენიებული ქართული საერო მწერლობის ცნობილი ძეგლი „ამირანდარეჯანიანი“.
წყარო: ეგნატაშვილი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: ბ ა რ ა მ ი ძ ე ა., ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 1, თბ., 1945; კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; М а р р Н., Из книги царевича Баграта о грузинских переводах духовных сочинений и героической повести Дареджаниани, «Известия Академии наук», 1899, т. 10, №2.
ვ. გუჩუა
შ. ონიანი