ბაგრევანდი

ბაგრევანდი, ისტორიული სომხური ოლქი მდ. ევფრატის მარცხენა განშტოების – ე. წ. აღმოსავლეთ ევფრატის – სათავეებში, მდინარეების ბაგრევანდის, ახტოძორის და არაცანის (ახლანდ. მურატის) წყალშესაყარზე (თურქ. ტერ.). ოლქს ჩრდ-იდან საზღვრავდა სომხეთის ქედი (ახლანდ. აღრიდაღი), დას-ით – ხინუსი (ახლანდ. ხინისი), სამხრეთიდან – დევაბოინის (ახლანდ. ალადაღის) მთები, ბ-ის მთავარი პუნქტი იყო ვალაშკერტი (ახლანდ. ალაშკერტი). V ს-იდან აქ არსებობდა ბაგრევანდის საეპისკოპოსო – ბაგავანი (სადაც გარდაიცვალა ლაშა-გიორგი).

ბ. საუკუნეთა მანძილზე სხვადასხვა პოლიტ. გაერთიანების ხელში იყო. მას ფლობდნენ სპარსელები, არაბები, ბიზანტიელები, სელჩუკები, მონღოლები, ოსმალები. ბ. არაერთხელ ქცეულა ქართველთა ექსპანსიის ასპარეზად, ასე იყო I ს-ში, X ს-ში (დავით კურაპალატის დროს). XI ს-იდან ანისის ბაგრატუნების სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. XIII ს. დასაწყისში ბ. შანშე მანდატურთუხუცესმა შეუერთა საქართვ. სახელმწიფოს; XVI ს-მდე საქართველოს ფარგლებში იყო, ჯერ როგორც გაერთიანებული სახელმწიფოს, შემდეგ მისგან გამოყოფილი სამცხე-საათაბაგოს უკიდურესი სასაზღვრო სამხრ.-დას. ქვეყანა. XVI ს-ში ბ. ოსმალებმა დაიკავეს, შედიოდა ბაიაზეთის საფაშოს ერზრუმის (არზრუმის) ვილაიეთში. თურქეთის თანამედროვე ადმ. დაყოფით ამ პროვინციას ეწოდება აგრი.

XIII–XVI სს-ში ბ-ის მოსახლეობა ქართ.-სომხ. იყო. მასში ჭარბობდნენ მართლმადიდებლობის მიმდევარნი, რასაც ადასტურებს ბაგრევანდის უმთავრესი საეკლესიო ცენტრის – ვალაშკერტის საეპისკოპოსოს – ქართლის კათალიკოსისადმი დაქვემდებარება.

წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1–2, თბ., 1955–59; ლაზარ ფარცეპის ცნობები საქართველოს შესახებ, ლ.-ნ. ჯანაშიას გამოც., თბ., 1962.

მ. ბერძენიშვილი