ბადალი

ბადალი, ფეოდალურ საქართველოში სხვის ნაცვლად სამხედრო ბეგარის მომხდელი.

ჯერ კიდევ XIV ს. კანონმდებლობა – „ძეგლის დადება მეფეთ-მეფის გიორგის მიერ“ – ითვალისწინებდა შეუძლოდ მყოფი ხევისბერის მაგიერ ლაშქარში მისი ძმის ან სხვა მახლობლის წასვლას (მ. 20). ეს ინ-ტი უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბდა და განვითარდა XVIII ს-ში ცვალებადი შემადგენლობის მუდმივი ლაშქრის – მორიგე ჯარის – შემოღებასთან დაკავშირებით. მორიგის – ლაშქრობის განაჩენი 1774 (მმ. 9, 32, 33) ბადლობის ნებას აძლევდა სოფლის მღვდელს, „აღებ-მიცემის კაცს“, გუთნისდედას, მეწისქვილესა და ზოგ სხვა ხელობის მუშაკს. ჯარში წასასვლელს ან სანაცვლო მოლაშქრე უნდა წარედგინა, ხშირად ქირით („ბადალი დაეჭირა“), ანდა ხაზინაში სათანადო ფულადი საზღაური – „მორიგის საბადლო“ – შეეტანა. ამ საბადლოებით შემდგარი თანხა – „მორიგის თეთრი“ – მოლაშქრეებისა თუ ყარაულების დაქირავებას ხმარდებოდა. ბადლობა სხვა ქვეყნებშიც (რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია და სხვ.) ფართოდ იყო გავრცელებული.

წყარო: მორიგის ლაშქრობის განაჩენი, წგ.: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2, თბ., 1965.

ლიტ.: კ ლ ი მ ი ა შ ვ ი ლ ი  ა., მორიგე ლაშქრის საკითხისათვის XVIII ს. II ნახევრის აღმ. საქართველოში, «კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინ-ტის მოამბე», 1963, ტ. 5, გვ. 181, 195, 199–200.

დ. ფურცელაძე