ბადე

ბადე, თვალედი (ცხრილისებრი) ქსოვილი, რ-იც მიღებულია ძაფის ჯვარედინად გადანასკვით თანაბარ მანძილზე (საბას განმარტებით, „ყოველთა მკედთა თვალედად ნასკულთა“ ბ. ეწოდება). ხმარობენ თევზისა და ფრინველის დასაჭერად, გადასაღობად (მავთულის, თოკის ბ. და სხვ.), შირმად, სპორტში და სხვ. ბადური ქსოვა ერთ-ერთი უძველესია ქსოვის ტექნიკასა და კულტ. ისტორიაში. განათხარი მასალის მიხედვით (ბ-ის საწაფავი ქვები) საქართველოში თევზის საჭერი ბ-ების გამოყენება ნეოლითის ხანიდანაა ცნობილი. ძვ. საქართველოში სათევზაო ბ-ს უმთავრესად სელის ბოჭკოსაგან ამზადებდნენ.

ძვ. ბერძნ. საისტორიო მწერლობის მიხედვით, ანტ. სამყაროში სათევზაო ბ-ის დასამზადებელ ერთ-ერთ საუკეთესო ნედლეულად კოლხური (ქსენოფონტის სიტყვით, „წმინდა ფასიანური“) სელი იყო მიჩნეული. ამ უძველეს ტრადიციასთან უნდა იყოს დაკავშირებული ის, რომ დას. საქართველოში (იმერეთი, გურია, სამეგრელო, აჭარა, აფხაზეთი და სხვ.) ახლო წარსულამდე სათევზაო ბ-ებს სელის ბოჭკოსაგან ამზადებდნენ. სელთან ერთად ბ-ის დასამზადებლად საქართველოში ძველთაგანვე იყენებდნენ კანაფს, უფრო გვიან აბრეშუმსა და ბამბას, ბოლო ხანებში კი საყოველთაოდ გავრცელდა სინთეზური ბოჭკო. ბ-ის საქსოვად ხმარობდნენ სხვადასხვა ზომის კოჭებს ანუ ფირფიტებს და ხის ან ლითონის ჩხირებს, რ-ებსაც ორკაპა და „ენიანი“ ბოლოები ჰქონდა, ბ-ის საქსოვი ჩხირი სხვადასხვა სახელწოდებით იყო ცნობილი – „მაქო“ (ზემო ქართლი), „ჩხაში“ (გურია), „ფათქა“ (იმერეთი) და სხვ. ბ-ს ქსოვდნენ უმთავრესად მეთევზე-მებადურები (ზოგან ქალებიც ეხმარებოდნენ). მეთევზეობის ზოგიერთ რ-ნში (განსაკუთრებით შავი ზღვის სანაპიროზე) მებადურის პროფესია მემკვიდრეობით გადადიოდა.

დანიშნულებისა და ფორმის მიხედვით, თევზსაჭერი ბ. სამი სახისაა: წყალგამწური (ტრალი, სასროლი, ფსკერული, ქისაბადე), გამხლართავი (ჩასადგმელი, მცურავი), თევზსაჭერი მახე (ჩასადგმელი, ვენტერი, ხოლიხი).

ხალხ. მეთევზეობაში სათევზაო ბ-ის მრავალ სახესხვაობათაგან ყველაზე გავრცელებულია სასროლი ანუ სათხეველი, მოსასმელი ანუ გამოსასმელი, საჩხრეკავი ანუ ხესკელი, ჩასაშვები ანუ სახოპავი და სხვ.

სათევზაო ბ-ს ყოფაში რიტუალური მიზნითაც იყენებდნენ. მას მაგიურ ძალას მიაწერდნენ. ზოგან მშობიარესა და ახალშობილს „ავი თვალისაგან“ დაცვის მიზნით ბ-ს აფარებდნენ. ზემო იმერეთიდან ჩამოტანილი ერთ-ერთი ასეთი ბ., „მშობიარე ქალის ბადე“, საქართვ. სახელმწ. მუზეუმში ინახება, სასროლ ბ-ს ჰგავს, საგულდაგულოდ შემკულია ოქროსფერი ფირფიტებით და ტილოსაგან გამოჭრილი ვარსკვლავებისა და ყვავილების აპლიკაციებით. ასეთი ბ-ის წარმოშობა დაკავშირებულია თევზის კულტის გადმონაშთების ამსახველ ხალხ. რწმენა-წარმოდგენებთან.

ლიტ.: ჩ ი ტ ა ი ა  გ., იმერეთის ექსპედიცია (ბაღდათის რაიონი), «ენიმკის მოამბე», 1937, ტ. 2, ნაკვ. 3; Л а м б е р т и  А., Описание Колхиды, называемой теперь Мингрелией, с картой 1654 г., пер. с. Итал. К. Гана, «Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа», 1890, в. 43, отд. 3; Р о б а к и д з е  А., К вопросу о некоторых пережитках культа рыбы, «Советская этнография», 1948, №3.

ქ. მირიანაშვილი