ბააზოვი გერცელ დავითის ძე (28. X. 1904, ცხინვალი, ‒ 1938), მწერალი.
დაიბადა ებრაელი სას. პირის ოჯახში. სწავლობდა ონის სამოქალაქო სასწავლებელში, შემდეგ თბილ. სათავადაზნაურო გიმნაზიასთან არსებულ ჰუმანიტარულ ტექნიკუმში. 1927 დაამთავრა თსუ-ის სოც.-ეკონ. ფაკ-ტის იურიდ. განყ-ბა. ერთხანს მოსამართლედ მუშაობდა, შემდეგ იყო ჟურნ. „საბჭოთა სამართლის“ მდივანი. 1918 ქუთ. გაზ. „ებრაელის ხმაში“ გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსები.
1921–22 მხატვარ უ. ჯაფარიძესთან და თეატრმცოდნე დ. ჯანელიძესთან ერთად გამოსცა ლიტ. ჟურნ. „ონი“ (ინიციატორი იყო „ცისფერყანწელი“ პოეტი გ. ჯაფარიძე). 1923 დამკვიდრდა თბილისში. აქაურ ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა მისი ლექსები, წერილები და თარგმანები. 1924–25 ბ-ის ინიციატივით დაარსდა ქართვ. ებრაელთა თვითმოქმედი დრამ. დასი „კადიმა“. ბ-ის პირველი დრამ. ნაწარმოები იყო ალეგორიულ-სიმბოლური ხასიათის დრამა „დილლეამარი“ (1928, ცალკე წიგნად 1929). ერთსულოვანი აღიარება მოუტანა ბ-ს ქართვ. ებრაელთა ყოფა-ცხოვრების ამსახველმა პიესამ „მუნჯები ალაპარაკდნენ“ (1931; დაიდგა კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრში 1931–32, ცალკე წიგნად გამოვიდა 1937). მორალის პრობლემები წარმოაჩინა პიესაში „განურჩევლად პიროვნებისა“ (1933). ისტ.-რევ. ხასიათისაა პიესა „იცკა რიჟინაშვილი“ (1936). დაწერა აგრეთვე პიესები „ხაგაი“, „შავი ზღვის პირას“; საბავშვო პიესა „ჭინჭარი“ (იდგმებოდა თბილ. მოზარდ მაყურებელთა თეატრში) და სხვ.
ბ-ის პროზაული ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია მოთხრობები „შემარიას უკანასკნელი სიტყვა“ და „გელათის ქუჩის დასასრული“ (ორივე 1931), ტრილოგიად ჩაფიქრებული რომანი „ფეთხაინი“ (1934, I ნაწ. რუსულად 1936) და სხვ.
საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი.
თხზ.: ფეთხაინი, თბ., 1960; პიესები, თბ., 1962.
ლიტ.: ც ი ც ი შ ვ ი ლ ი გ., გერცელ ბააზოვი, ცხოვრება და შემოქმედება, თბ., 1964.
გ. ციციშვილი