ბაბადერვიში

ბაბადერვიში, მრავალფენიანი ნამოსახლარი ყაზახის რ-ნში (აზერბაიჯანი).

გათხარეს 1958–65 (ი. ნარიმანოვი, გ. ისმაილოვი). ნამოსახლარი მდებარეობს სამ ბორცვზე. I ბორცვზე გამოვლინდა 2 კულტ. ფენა. ქვედა ფენაში (ძვ. წ. VI–V ათასწლ.) გათხარეს წრიული მოყვანილობის 4 მიწური (დიამეტრი 3–3,8 მ). აღსანიშნავია ქსოვილის ან ლასტის ანაბეჭდიანი, უხეშად ნაძერწი ნაცრისფერი და მოწითალო სწორკედლიანი თიხის ჭურჭელი, ობსიდიანის ლამელები, ძვლისაგან ნაკეთები სადგისები, სახვრეტები და თოხისმაგვარი წვერწამახვილებული იარაღი, რ-საც მრგვალი სატარე ნახვრეტი აქვს.

მასალა განეკუთვნება შომუთეფე-შულავრის კულტ. წრეს. ზედა ფენაში (ძვ. წ. III ათასწლ. დასაწყ.) ალიზის, ბათქაშისა და სხვა სამშენებლო მასალის სიუხვე მიუთითებს მიწისზედა საცხოვრ. ნაგებობათა არსებობაზე.

გათხრილია 2 კერა და მრავალი წრიული მოყვნილობის სამეურნეო ორმო. აღმოჩენილია შავი და ნაცრისფერი პრიალა ზედაპირიანი ვარდისფერ ან ღიანაცრისფერსარჩულიანი თიხის დერგები, ბადიები და ჯამები, დისკოსებრი სარქველები, რ-ებსაც ნახევარსფეროსებრი ყურები აქვს, სადგარები, ბორბლის მოდელები, მამაკაცის მინიატიურული ფიგურა, რამდენიმე ზოომორფული ქანდაკება და სხვ. თიხის ჭურჭლის დიდი ნაწილი შემკულია მტკვარ-არაქსის კულტ. კერამიკისათვის დამახასიათებელი ორნამენტით. ქვის მასალიდან აღსანიშნავია ობსიდიანის ლამელები, კაჟის ნამგლის ჩასართები, ხელსაფქვავები, სახეხები, ლახტისთავები და სხვ. ძვლის ნივთებიდან გვხვდება სადგისები და ნემსები.

II ბორცვზე 1965 გათხრის დროს აღმოჩნდა მტკვარ-არაქსის კულტ. 3 ორმოსებრი სპილენძსადნობი ქურა. სახელოსნო ძვ. წ. III ათასწლეულით თარიღდება.

III ბორცვის ზედაპირზე შეგროვებულია ხოჯალი-გადაბეიური კულტ. მასალა (ძვ. წ. II ათასწლ. ბოლო ‒ I ათასწლ. დასაწყისი).

ლიტ.: Н а р и м а н о в  И. Г., И с м а и л о в  Г. С., Акстафачайское поселение близ с Казаха, «Советская археология», 1962, № 4.