ბადრიძე გიორგი (გია) დავითის ძე

ბადრიძე გიორგი (გია) დავითის ძე (23. VI. 1928, თბილისი, – 19. VIII. 1999, იქვე), სცენარისტი, მსახიობი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1983).

დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1951) და მოსკ. პედ. ინ-ტის ასპირანტურა (1954). მუშაობდა საქართვ. ტელერადიომაუწყებლობის სახელმწ. კომიტეტში რედაქტორად (1954–55), იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სასცენარო-სარედაქციო კოლეგიის წევრი (1971–91).

მისი სცენარების მიხედვით გადაღებულია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ფილმები: „არღანი“ (რეჟ. გ. კალატოზიშვილი, 1967), „ჩემი არდადეგები“ (რეჟ. ი. ასათიანი, 1973), „ჩარი-რამა“ (რეჟ. ნ. სანიშვილი, 1974), „კავკასიის ტყვე“ (რეჟ. გ. კალატოზიშვილი, 1975), „კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის“ (რეჟ. ბ. წულაძე, 1981), „გმადლობთ, რატილი!“ (ვ. პოჟართან და ო. ზელენკასთან ერთად, რეჟ. გ. კალატოზიშვილი, 1983), „ვინ არის მეოთხე?“ (რეჟ. ო. კობერიძე, 1985), „აშუღ-ყარიბი“ (ს. ფარაჯანოვი, დ. აბაშიძე 1988), „ისინი“ (რეჟ. ლ. ზაქარეიშვილი, 1992), „დინოზავრის კვერცხი“ (რეჟ. ქ. დოლიძე, 1993); დოკუმენტური ფილმები: „ხაბაზები“ (რეჟ. ბ. რაჭველიშვილი, 1970), „26 საუკუნის განმავლობაში“ (რეჟ. ო. გვასალია, 1989).

როგორც მსახიობი მონაწილეობდა ფილმებში: „არ იდარდო!“ (რეჟ. გ. დანელია, 1969), „გათენების წინ“ (რეჟ. ყ. მგელაძე, 1971), „ციმბირელი პაპა“ (რეჟ. გ. კალატოზიშვილი, 1973), „არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ“ (რეჟ. ყ. მგელაძე, 1975), „გასეირნება თბილისში“ (რეჟ. ნ. მჭედლიძე, 1976) „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (რეჟ. ლ. ღოღობერიძე, 1978) „პეტროვკა 38“ (რეჟ. ბ. გრიგორიევი, 1980, რუსეთი), „როგორ ვიცხოვრო უშენოდ“ (რეჟ. ყ. მგელაძე, 1980), „კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის“ (რეჟ. ბ. წულაძე, 1981), „დიმიტრი II“ (რეჟ. რ. ხოტივარი, 1982), „გმადლობთ, რატილი!“ (რეჟ. გ. კალატოზიშვილი, 1983), „ორშაბათი, ჩვეულებრივი დღე“ (რეჟ. ვ. კვაჭაძე, 1984), „ბრავო, ალბერ ლოლიშ!“ (რეჟ. მ. თავაძე, 1987) და სხვ.

მ. კერესელიძე