ბადრიძე დავით გიორგის ძე

დ. ბადრიძე

ბადრიძე დავით გიორგის ძე [23. III (4. IV). 1899, ქუთაისი, – 26. I. 1987, მოსკოვი], მომღერალი (ლირიკული ტენორი) და პედაგოგი. საქართვ. სახ. არტისტი (1943).

1924 დაამთავრა თსუ-ის სამედ. ფაკ-ტი, 1926 თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (ე. ვრონსკის კლასი). 1926–34 თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო (დებიუტი – ჰერცოგის პარტია ჯ. ვერდის „რიგოლეტოში“). 1934–36 მღეროდა ეკატერინბურგის, 1936–44 კვლავ თბილ., 1944–48 მოსკ. დიდი თეატრის საოპერო სცენებზე; 1937-იდან სსრკ სახელმწ. ფილარმონიის სოლისტი იყო. 1952-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას მოსკ. გნესინების სახ. მუს.-პედ. ინ-ტში. 1957 – 58, როგორც პედაგოგ-ვოკალისტი და კონსულტანტი, მივლინებული იყო კორ. სახ. დემოკრ. რესპუბლიკასა (ფხენიანი) და ვიეტნ. დემოკრ. რესპუბლიკაში (ჰანოი), სადაც ბ-ის ხელმძღვანელობით შეიქმნა ეროვნ. საოპერო დასი და დაიდგა პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“ (პირველი საოპერო სპექტაკლი ვიეტნამში). 1962-იდან ბ. თბილ. სახელმწ. კონსერვ. პედაგოგი იყო (1972-იდან პროფესორი). 1967–70 მივლინებული იყო ეგვიპტეში, კაიროს კონსერვატორიაში, სადაც დიდი მუშაობა ჩაატარა ეროვნ. ვოკალური ხელოვნების განვითარებისათვის.

ბ-ს ჰქონდა ლამაზი ტემბრის, სრული დიაპაზონის ხმა, მაღალი ვოკალურ-სცენური კულტურა. შესრულებული აქვს ქართ. და კლასიკური საოპერო რეპერტუარის მრავალი წამყვანი პარტია, რ-თაგან აღსანიშნავია: მალხაზი (ზ. ფალიაშვილის „დაისი“), მეურმე (დ. არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“), ერეკლე (ი. გოკიელის „პატარა კახი“), კოტე (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“), ჰერცოგი და ალფრედი (ჯ. ვერდის „რიგოლეტო“ და „ტრავიატა“), ფაუსტი (შ. გუნოს „ფაუსტი“), ჯერალდი (ლ. დელიბის „ლაკმე“), ჰოფმანი (ჟ. ოფენბახის „ჰოფმანის ზღაპრები“), ვერთერი (ჟ. მასნეს „ვერთერი“), ლენსკი (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“), სალოსი (მ. მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“) და სხვ. ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობასაც, გამოდიოდა ყოფ. სსრკ ქ-ებში (უპირატესად ქართ. რეპერტუარით). გადაღებულია კინოფილმში „ჯურღაის ფარი“ (ლეიტენანტი, ესპანელი სტუმარი, რეჟ-ები ს. დოლიძე, დ. რონდელი, 1944; სსრკ სახელმწ. პრემია 1950).

ა. წულუკიძე