ბავშვის ფსიქოლოგია

ბავშვის ფსიქოლოგია, ფსიქოლოგიის დარგი, რ-იც შეისწავლის ბავშვის ფსიქიკის განვითარებასა და ასაკობრივ თავისებურებებს დაბადებიდან ზრდადასრულებამდე; ადგენს ფსიქიკის ონტოგენეტური განვითარების კანონზომიერებებს; შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი ფუნდამენტურ მეცნიერებაში, რამდენადაც ამა თუ იმ ფსიქიკური ფუნქციისა თუ თვისების ბუნების სრულყოფილი დახასიათება აუცილებლად საჭიროებს მისი ონტოგენეზის გათვალისწინებას. ბ. ფ-ს აქვს აგრეთვე დიდი მნიშვნელობა პედაგოგ. პრაქტიკისთვის, რამდენადაც ბავშვების ფსიქიკური განვითარების პირობებისა და კანონზომიერებების ცოდნა აუცილებელია სწავლისა და აღზრდის პროცესების ეფექტური მართვისთვის.

ბ. ფ. რამდენიმე კვლევითი ამოცანის გადაწყვეტასთან არის დაკავშირებული. მან უნდა გამოყოს ბავშვობის ხანის თვისებრივად განსხვავებული პერიოდები და დაადგინოს მათი საზღვრები, ანუ მოახდინოს განვითარების ასაკობრივი პერიოდიზაცია; შეისწავლოს თითოეული ასაკობრივი პერიოდის ბავშვების კოგნიტური, ემოციური, მოტივაციურ-ნებელობითი და სოციალურ-პიროვნული განვითარების თავისებურებანი; დაადგინოს ის ასაკობრივი ეტაპები, როცა იქმნება საუკეთესო პირობები ამა თუ იმ ფუნქციის განვითარებისთვის; გამოყოს და შეისწავლოს თითოეული ასაკისთვის დამახასიათებელი ქცევის ფორმები, პირველ რიგში ისინი, რ-ებიც წამყვან როლს ასრულებენ ამა თუ იმ ასაკში (მანიპულაცია, თამაში, სწავლა და ა. შ.).

საქართველოში ბ. ფ-ს დასაბამი მისცა დ. უზნაძის „ექსპერიმენტულმა პედაგოგიკამ“ (1912). მასში გატარებულია აზრი, რომ მეცნ. პედაგოგიკა მხოლოდ ბავშვის ფსიქოლ. ცოდნას შეიძლება დაეფუძნოს. მომდევნო წლებში გამოიცა „პედოლოგია“ (1933) და „ბავშვის ფსიქოლოგია“ (1947). ისინი შეიცავენ იმ დროისათვის მეცნიერებაში დაგროვილ ცოდნას ონტოგენეზის სფეროში, თვით დ. უზნაძის მიერ მოპოვებულ ემპირიულ მონაცემებს და ორიგინალურ შეხედულებებს საკვანძო თეორიულ საკითხებზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ე.წ. „კოინცინდენციის თეორია“, რ-იც გაშლილი სახით „პედოლოგიაშია“ გადმოცემული. მასში საუბარია განვითარების მამოძრავებელი თანდაყოლილი (შინაგანი) და შეძენილი (გარეგანი) ფაქტორების არსებითი კავშირის შესახებ. ბ. ფ-ში შემოტანილია „ასაკობრივი გარემოს“ ცნება და მასზეა დამყარებული ბავშვის ასაკის პერიოდიზაცია.

დ. უზნაძის ემპირიული ნაშრომებიდან გამოსაყოფია კვლევები, რ-ებშიც შეისწავლება ბავშვის ინტერესი სასწავლო საგნებისადმი, ასევე განზოგადებისა და ცნებაში არსებითის წვდომის ონტოგენეზთან დაკავშირებული საკითხები. მიღებული მონაცემები გერმ. ჟურნალებში გამოქვეყნდა და სპეციალისტების დიდი ყურადღება დაიმსახურა (ლ. ვიგოტსკი, ა. ლაჩინსი, ს. რუბინშტეინი, ვ. შტერნი და სხვ.).

დ. უზნაძის ფსიქოლ. სკოლაში ფსიქ. პროცესებისა და თვისებების ონტოგენეზის შესწავლას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ასეულობით გამოკვლევაში მიღებულია მნიშვნელოვანი მეცნიერული შედეგები ბ. ფ-ის პრაქტიკულად ყველა სფეროში. ესენია: აზროვნების ონტოგეენეზი (ზ. ვახანია, მ. ზარანდია, თ. კერძაია, ე. კეჟერაძე, ი. კოტეტიშვილი, მ. მელიქიშვილი, შ. ნადირაშვილი, რ. ნათაძე, მ. ჯაფარიძე); მეტყველების ონტოგეენზი (ა. ავალიშვილი, ა. ალხაზიშვილი, გ. მჭედლიშვილი, ნ. იმედაძე, დ. რამიშვილი, ნ. ჭრელაშვილი და სხვ.); აღქმის ონტოგენეზი (ქ. მდივანი); მეხსიერების განვითარება (ე. კეჟერაძე); წარმოსახვის განვითარება (ფ. ხუნდაძე); ყურადღების განვითარება (ვ. კაკაბაძე, ა. მოსიავა, ჟ. ნეფარიძე); ემოციების ონტოგენეზი (ნ. იმედაძე, მ. წერეთელი); ნებელობის განვითარება (შ. ჩხარტიშვილი, ნ. ბარამიძე, ნ. როგავა, ი. იმედაძე); ჩვევის ონტოგენეზი (ო. ტაბიძე, ზ. ხოჯავა); პიროვნება, მისი ზნეობრივი და სოციალური ფორმირება (ნ. ადამაშვილი, მ. გომელაური, ნ. როგავა, ფ. ხუნდაძე, ნ. ჭრელაშვილი); ესთეტიკური აღქმა (გ. კეჩხუაშვილი, დ. რამიშვილი, ფ. ხუნდაძე); განწყობის ონტოგენეზი (ბ. ხაჭაპურიძე, ე. კეჟერაძე).

სახელმძღვანელოები ბ. ფ-ში შექმნეს თ. გოგიჩაიშვილმა, ვ. ნორაკიძემ, მ. ყოლბაიამ.

ი. იმედაძე