ბაზალეთი

ბაზალეთი, ისტორიული მხარე ქართლში. ვახუშტის ცნობით, აღმ-იდან საზღვრავდა მდ. არაგვი, სამხრ-იდან – ბოდავის ციხე და ტინის მთა, დას-იდან – გრემისხევი და ალევის მთა (ახლანდ. ალევის ქედი), ჩრდ-იდან – ჭართლის მთა. ბ-ის პლატოზე ადამიანის ცხოვრების კვალი ნეოლითის ხანიდან ჩანს. ლეონტი მროველის ცნობით, ბ. მოაოხრეს ქართლის მეფის მირვანის დროს (ძვ. წ. II ს.) ჩრდ-იდან შემოსულმა დურძუკებმა. X ს-ში ბ. და მისი მიდამოები (კერძოდ ლოწობნის ციხე) საცილობელი გახდა აფხაზთა და კახთა სამეფოებს შორის. XIII ს. მიწურულს მონღოლმა სარდალმა ხუტლუბუღამ საქართვ. სხვა პროვინციებთან ერთად ბ-ც დაარბია. არაგვის საერისთავოს წარმოშობის შემდეგ ბ. მისი პოლიტიკურად და ეკონომიკურად დაწინაურებული რ-ნი გახდა.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: გ ვ ა ს ა ლ ი ა  ჯ., მთიულეთის ისტორიული გეოგრაფიიდან, «კავკასიის ეთნოგრაფიული კრებული», 1971, [ტ.] 3.