ბაზალეთის ბრძოლა 1626, ბრძოლა ქართლ-კახეთის მეფის თეიმურაზ I-ისა და გ. სააკაძის ლაშქარს შორის.
სააკაძის მისწრაფებამ ქვეყნის გაერთიანებისა და თავადთა თვითნებობის ალაგმვისაკენ ამ უკანასკნელთა უკმაყოფილება გამოიწვია. მათ შეძლეს მტრობა ჩამოეგდოთ გ. სააკაძესა და თეიმურაზ I-ს შორის, რ-საც არ მოსწონდა დიდი მოურავის დამოუკიდებელი ურთიერთობა ოსმალეთის სულთანთან და დას. საქართველოს მეფე-მთავრებთან. ქართლში მომხდარი განხეთქილების გამოყენება სცადა ირანის შაჰმა აბას I-მა და თეიმურაზ I-ს შერიგება შესთავაზა. ამ გარემოებამ კიდევ უფრო გაამწვავა ურთიერთობა თეიმურაზსა და სააკაძეს შორის. საბოლოო განხეთქილება 1626 ზაფხულის ბოლოს მოხდა. თეიმურაზი კახეთში გადავიდა, მას თან გადაჰყვა ქართლის დიდ ფეოდალთა ერთი ნაწილი, მ. შ. სააკაძის ცოლისძმა ზურაბ არაგვის ერისთავი და იოთამ ამილახვარი. სააკაძის მხარეზე დარჩა ქართლის გამგებელი ქაიხოსრო მუხრანბატონი, სააკაძის სიძე იესე ქსნის ერისთავი და ქართლის სამეფო აზნაურების დიდი ნაწილი. ქართლის ფეოდალთა ერთი ჯგუფი, რ-იც ქართლის ხანს სიმონ II-ს ერთგულობდა, ბრძოლაში არ მონაწილეობდა. სააკაძემ იმერეთის მეფეს გიორგი III-ს შესთავაზა მისი ვაჟის ალექსანდრეს ქართლში გამეფება. გამარჯვების შემთხვევაში ალექსანდრე ქართლ-კახეთის მეფე და იმერეთის ტახტის მემკვიდრე იქნებოდა. ეს საქართველოს გაერთიანების საფუძველს შექმნიდა. გიორგი III-მ წინადადება მიიღო და დამხმარე ჯარიც გამოუგზავნა. სააკაძეს ოსმ. სულთნის ნებართვით სამცხიდანაც მოუვიდა დამხმარე ჯარი.
ბრძოლა გვიან შემოდგომაზე, ბაზალეთის ტბასთან გაიმართა. ცუდ ამინდში შორი გზით მოსულ სააკაძის ჯარს არახელსაყრელ პირობებში მოუხდა ბრძოლა. სააკაძემ ერთხანს ბრძოლაში პირადი მონაწილეობა არ მიიღო. გიორგის ცხენზე დავით გოგორიშვილი შეჯდა და მისი სახელით ბრძოლაში შეიჭრა. იგი ზურაბ ერისთავმა მოკლა. ხმა გავარდა სააკაძე მოკლესო. გიორგი იძულებული გახდა ბრძოლაში ჩაბმულიყო. სასტიკ შეტაკებაში მრავალი დაიხოცა და დაიჭრა (დაჭრილებს შორის იყვნენ სააკაძე, თეიმურაზ I და ზურაბ ერისთავი). ბრძოლა თეიმურაზ I-ისა და ზურაბის გამარჯვებით დამთავრდა, რაც დიდ ფეოდალთა გამარჯვებას მოასწავებდა.
ბაზალეთის ომი ქართველი ხალხის ტრაგედია იყო. დაიღვარა ძმათა სისხლი და საქართვ. გაერთიანების დიდი საქმე ჩაიშალა. სააკაძის დამარცხების მთავარი მიზეზი გამაერთიანებელ ძალთა სისუსტე იყო.
ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ი ვ., ჯ ა ნ ა შ ი ა ს., საქართველოს ისტორია, ნაწ. 1, თბ., 1943; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; ჯ ა მ ბ უ რ ი ა გ., გიორგი სააკაძე, თბ., 1964.
გ. ჯამბურია