ბაზალეთის ნამარხი ფაუნა, ქვედა პლიოცენის (პონტოური ასაკის) ამომწყდარ ხერხემლიანთა კომპლექსი, რ-იც გვიანდ. ჰიპარიონულ ფაუნას მიეკუთვნება. ადგილსაპოვებელი მდებარეობს დუშეთის მუნიციპ-ში, ბაზალეთის პლატოზე, სოფ. ყარსიმაანთკარის მიდამოებში.
ბ. ნ. ფ-ის წარმომადგენლეთა ნამარხ ნაშთებს შეიცავს აღმ. საქართველოში ფართოდ გავრცელებული კონტინენტური წარმოშობის დუშეთის წყების სულ ზედა, ყველაზე ახალგაზრდა ნაწილი (მოყვითალო ფერის კარბონატული ქვიშიანი თიხები). დადგენილია ბ. ნ. ფ-ის 20-ზე მეტი წარმომადგენელი: კუ, მაჩვზღარბი, ჰიპარიონი, ღორი – მიკროსტონიქსი, სხვადასხვა მტაცებელი, ხორთუმიანები, მარტორქები, ჟირაფები, ანტილოპები. ეს ცხოველები სხვადასხვა ეკოლოგიური ნიშის ბინადარნი არიან, რაც იმდროინდელი ლანდშაფტის მრავალფერონებას მოწმობს.
ბ. ნ. ფ. ადასტურებს, რომ დაახლ. 6 მლნ. წლის წინ აღმ. საქართველოს ტერიტორიაზე ჰავა იყო ზომიერად თბილი და ტენიანი. ბ. ნ. ფ-მ საბოლოოდ გადაჭრა ე. წ. „ბაზალეთის სერიის“ გეოლ. ასაკის საკითხი.
გ. მელაძე