ბაზალტი

ბაზალტი (ლათ. basaltes, basanites <ბერძნ. basanos – სასინჯი ქვა; სხვა ვერსიით, ეთიოპ. basal – რკინის შემცველი ქვა), ფუძე შედგენილობის ვულკანური ქანი. მუქი ნაცრისფერი ან შავი. მასიურია, ზოგჯერ ფოროვანი. შედგება ფუძე პლაგიოკლაზის, მონოკლინური პიროქსენის, ოლივინის, ვულკ. მინისა და აქცესორული მინერალებისაგან (მაგნეტიტი, ილმენიტი, აპატიტი და სხვ.). ბ-ის მსხვილმარცვლოვანი სახესხვაობაა დოლერიტი. ბ-ს იყენებენ შენობების მოსაპირკეთებლად, ღორღისა და ბორდიურების დასამზადებლად, გზების მოსაკირწყლავად. როგორც მჟავაგამძლე და ტუტემედეგ მასალას იყენებენ ქვის სამსხმელო წარმოებაშიც.

საქართველოში ბ-ს საშენ ქვად ძველთაგანვე (ბრინჯაოს ხანა) ხმარობდნენ. შუა საუკ. ქართლში, მესხეთ-ჯავახეთში ძირითადი საშენი ქვა ბ. იყო. ბ-ითაა აგებული სამშვილდისა და დმანისის ციხესიმაგრეები, მანგლისის ტაძარი, რუისის, წუნდის, აბელიის ეკლესიები, თირის მონასტერი, ნადარბაზევის სასახლის კომპლექსი და სხვ. საქართველოში ბ-ის საბადოები გამოვლენილია მთიან აფხაზეთში, სამეგრელოში (ლუგელა), ქვემო ქართლში (ბაზაქლო, იაღუფლო, მარნეული, რატევანი, რაჭისუბანი, ბეშთაშენი, ქოსალარი), კახეთში (ჯიგრაშენი), ჯავახეთში (ხანდო), ხევში (კობი, მნა), იმერეთში (პერევისა) და სხვ.

ლიტ.: საქართველოს ბუნებრივი რესურსები, მთ. რედაქტორი ირ. ჟორდანია, ტ. I–II, თბ., 2015.

ნ. სხირტლაძე