ბაზარი (სპარს.), ადგილი, რომელიც განკუთვნილია სურსათ-სანოვაგითა და ფართო მოხმარების საგნებით ვაჭრობისათვის. ბ. არის მყიდველსა და გამყიდველის შორის, მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობების ორგანიზაციის ფორმა, რ-იც თავისუფალი ფასწარმოქმნის მექანიზმის საშუალებით უზრუნველყოფს კომერციულ გაცვლას. ფართო გაგებით „ბ“. გულისხმობს სასაქონლო-ფულადი ურთიერთობების მთელ კომპლექსს. ბ. საყოფაცხოვრებო ენაში ნეგატიური მნიშვნელობითაც გამოიყენება, როგორც უწესრიგო და ხმაურიანი შეკრებისა და საუბრის გამომხატველი სიტყვა.
ძველად საქართველოში გარდა მრავალფეროვანი საკვები პროდუქტებისა, ბ-ში თავმოყრილი იყო აგრეთვე წვრილ ხელოსანთა და ამქართა სახელოსნოები, დუქნები, სასტუმროები, ქარვასლები, აბანოები და სხვა დანიშნულების შენობები. ბ-ის მოედანზე სადღესასწაულო და უქმე დღეებში თავს იყრიდა ქალაქისა და სოფლის დიდძალი მოსახლეობა, ეწყობოდა სახ. დღესასწაულები, შეჯიბრებები, სეირნობა. იქვე აცხადებდნენ სახელმწ. და პოლიტ. სიახლეებს და ქალაქური ცხოვრების ამბებს. ასეთი ბ. შუა საუკუნეებში თითქმის ყველა ქალაქში იყო. ზოგიერთ ქალაქში (მაგ., კაიროში, სტამბოლში) დღესაცაა.
საქართველოში ბ. უძველესი დროიდან არსებობს. ძვ. ბერძენი ავტორების გადმოცემით, დას. საქართველოს ტერიტორიაზე არაერთი ქალაქური ტიპის დასახლება იყო, რ-ებიც უმნიშვნელოვანეს სავაჭრო-სახელოსნო ცენტრებს წარმოადგენდნენ. ანალოგიური ვითარება იყო აღმ. საქართველოშიც. სტრაბონის (ძვ. წ. 64 – ახ. წ. 20) აღწერით, „იბერია მეტწილად კარგად არის დასახლებული ქალაქებითაც და დაბებითაც... აქ არის ბაზრები და სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებანი“.
ცნობილი იყო შუა საუკუნეების თბილ. ბ-ები. ფრანგი მოგზაურის ჟ. შარდენის მონაცემებით, XVII ს. 70-იან წლებში თბილისში ბ. მდებარეობდა მეფის სასახლის პირდაპირ, ბატონის მოედანზე (ახლანდ. ერეკლე II-ის მოედანი). XVIII ს-ში ბ-ს, სადაც სხვადასხვა დარგის ხელოსნები იყვნენ თავმოყრილი, უმთავრესად ეკავა ახლანდ. კ. ლესელიძის (შუა ბ.) და ერეკლე II-ის ქუჩები. ქალაქის ერთ-ერთი უძველესი სავაჭრო მოედანი, რ-იც XVII–XVIII სს. წყაროებშია მოხსენიებული, იყო „თათრის“ ანუ „ციხის“ მოედანი (ახლანდ. ვახტანგ გორგასლის მოედნის ტერიტ.). აქ იყიდებოდა უმთავრესად ბოსტნეული და სხვა სანოვაგე. XIX ს. დასაწყისში თბილ. სავაჭრო-სახელოსნო ცენტრი კალა იყო. აღსანიშნავია აგრეთვე „სალდათის“ ანუ „რუსის“ ბ. (ახლანდ. კრწანისის რ-ნის ბ-ის მოედნის მიდამოებში) და ავლაბრის ბ. (გაუქმდა 1911). სავაჭრო ცენტრები იყო აგრეთვე ქარვასლები. 30-იან წლებში შეიქმნა საკოლმ. ბ-ები. საქართველოში პირველი ამგვარი ბ. მოეწყო 1932 ოქტ-ში.
1932 თბილისში აშენდა პირველი თანამედროვე დახურული სავაჭრო დარბაზი საკოლმ. ბ-თვის. ეს იყო ე. წ. „დეზერტირის“ ბ. (ახლანდ. თბილისის ცენტრ. ბ., რეკონსტრუირებულია 1974).
საქართვ. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ (1991) მოხდა ყოფ. საკოლმეურნეო ბაზრების აგრ. ბაზრებად ტრანსფორმირება, ფართოდ გავრცელდა ბ-ები ბაზრობები საქართველოში. ამჟამად, ძირითადად შერეული ტიპის 200-ზე მეტი ბაზარია.
ბ. არ არის მხოლოდ კონკრეტული ყიდვა-გაყიდვის ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდებიან მყიდველები და გამყიდველები, ვინაიდან თანამედროვე ელექტრონული ვაჭრობის პირობებში კომუნიკაციისა და ტრანსპორტის თანამედროვე საშუალებათა განვითარებასთან ერთად სავაჭრო გარიგება ხორციელდება გამყიდველის მყიდველთან უშუალო კონტაქტის გარეშე. ინტერნეტის გლობალური ქსელის საინფორმაციო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად გაჩნდა ელექტრონული ბ., რ-იც მოიცავს ინტერნეტის ქსელებში ვაჭრობას, ვირტუალურ მაღაზიებს, მომსახურების გაწევას და სხვ. მყიდველთა შეკვეთების მიღება და გარიგებები ხდება ტელეკომუნიკაციების, ინტერნეტ-საფონდო ბირჟებისა და სხვა ელექტრონული არხების მეშვეობით. საერთაშ. გარიგებები ხორციელდება Amazon, e-bay, facebook და სხვა ინტერნეტ არხების მეშვეობით, ხოლო საქართველოში პოპულარულია სასაქონლო ბ., როგორიცაა – shop. ge, tv.ge, Molli.ge, ფულის ბ. – lari.ge, ავტომანქანების ბ., – mycar.ge, auto.ge და სხვ. უძრავი ქონების ბ. – myhome.ge და სხვ.
საქართველოში კაპიტალიზმის რეანიმაციის შემდეგ განვითარებული პროცესების გამოხატვისათვის ძირითადად ბ. იქნა შენარჩუნებული (ფასიანი ქაღალდების ბ., მსოფლიო ბ., სასაქონლო ბ., შრომის ბ. და სხვ.), ხოლო იშვიათად ჩანაცვლდა „მარკეტით“, „მოლით“.
ჯ. კახნიაშვილი
მ. ჯიბუტი