ბაზ-გუგული

ბაზ-გუგული (Psithyrus), მწერების გვარი ფუტკრისებრთა ოჯახისა. სხეულის აგებულებითა და შეფერილობით ძალიან ჰგვანან ბაზებს. საკუთარ ბუდეს არ იშენებენ, არ ჰყავთ მუშა ინდივიდები, დედლებს არა აქვთ ყვავილის მტვრის შესაგროვებელი აპარატი. პარაზიტობენ ბაზების ბუდეებში და შეგუებული არიან ბაზების განსაზღვრულ სახეობებთან ცხოვრებას. გაზაფხულზე ბ.-გ-ის დედალი ბაზების ბუდეში დებს კვერცხებს. ბაზების მუშა ინდივიდები ვერ ცნობენ მათ და კვებავენ ბ.-გ-ის შთამომავლობას.

საქართველოში ცნობილია 7 სახეობა, რ-თაგან აღსანიშნავია P. bohemicus, P. campestris, P. rupestris. ნამარხი ბ.-გ-ები ცნობილი არ არის, მაგრამ ეჭვს არ იწვევს, რომ ისინი წარმოიშვნენ მესამეულ პერიოდში, როდესაც წარმოიშვა ბაზების გვარი.

ი. სხირტლაძე