ბაბლიძე თინათინ ნიკოლოზის ასული (დ. 29. IV. 1933, ქარელი), მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1981).
1957 დაამთავრა თბილ. კულტ.-საგანმან. სასწავლებლის სარეჟისორო ფაკ-ტი. ამავე წლიდან მსახიობად მუშაობდა სოხუმის კ. გამსახურდიას სახ. სახელმწ. დრამ. თეატრში. მისი შემოქმედება გამოირჩევა უშუალობით, სიწრფელით, ცოცხალი ტემპერამენტით, გმირის ხასიათში ღრმად წვდომის უნარით. ერთნაირი წარმატებით გამოდის როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე პიესებში.
ასრულებს განსხვავებული ხასიათის როლებს: სალომე (დ. შენგელაიას „ბათა ქექია“), მარტირიო (ფ. გარსია ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი“), გადია (უ. შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“), ჯავარა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), არმიდა (ე. დე ფილიპოს „მოჩვენებანი“), მატილდა (მოლიერის „ძალად ექიმი“), შუშანა (ა. ჩხაიძის „მიღების დღე“), სმერალდინა (კ. გოლდონის „ორი ბატონის მსახური“), პოშლიოპკინა (ნ. გოგოლის „რევიზორი“), ზემფირა (ა. გეწაძის „პაემანი ცაში“), ცუცუნა (გ. ჭიჭინაძის „უკანასკნელად კივის მატარებელი“) და სხვ.
შ. ცუცქირიძე