ბაბუაწვერა, ბურბუშელა (Taraxacum), მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყავილოვანთა ოჯახისა.
აქვს მსხვილი ღონიერი ფესვი, ფესვის ყელთან როზეტად შეკრებილი ფოთლები და სწორი, შეუფოთლავი საყვავილე ღერო, რ-იც მარტოული კალათა ყვავილედით ბოლოვდება. 1000-მდე სახეობა გავრცელებულია ცივ და ზომიერ სარტყელში.
საქართველოში იზრდება 9 სახეობა, მათგან 4 კავკასიის ენდემია. გვხვდება მთის ქვედა სარტყლიდან მოკიდებული ალპ. სარტყლამდე, მშრალ ფერდობებზე, გაჩეხილ ტყეებში, მდელოებზე, როგორც სარეველა ‒ ბაღებში, ფართოდაა გავრცელებული სამკურნალო ბ. (T. officinale), რ-ის ფესვსა და მიწისზედა ნაწილს ხმარობენ მედიცინაში მადის აღმძვრელ და ნაღველმდენ საშუალებად; ფესვი შეიცავს ინსულინს (25%-მდე), ფესვი და ფოთოლი-მწარე გლიკოზიდ ტარაქსაცინს; კარგი თაფლოვანი მცენარეა. ნორჩ ფოთლებს ამწნილებენ და მხალად ხმარობენ. მოხალული ფესვები ყავის სუროგატია.
ზ. შენგელია