ბაბუხადია ვასილ დიმიტრის ძე ( 1. IX. 1913, ტყიბული, ‒19.VIII. 1997, თბილისი), ქირურგ-უროლოგი, მედ. მეცნ. დოქტორი (1967), პროფესორი (1972), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1978). საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1994). საქართვ. სამეც.-ბიოლ. მეცნ. აკად. წევრი (1995).
1938 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1946‒71 მუშაობდა თსსი-ის პედიატრიული ფაკ-ტის ზოგადი ქირურგ. კათედრაზე, 1971 – 73 იმავე კათედრის პროფესორი იყო, ხოლო 1973‒1996 იყო უროლოგიის კათედრის გამგე. ბ. შეისწავლიდა თირკმლის პარენქიმის რეგენერაციას ჰიდრონეფროზის პირობებში, შარდ-კენჭოვან დაავადებას, საშარდე გზების ინფექციას, წინამდებარე ჯირკვლის ადენომას. იკვლევდა საექიმო ეთიკისა და დეონტოლოგიის საკითხებს.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენი.
თხზ.: კლინიკური უროლოგია, თბ., 1977; ამბულატორიული უროლოგია, თბ., 1980; უროლოგია, თბ., 1985; ექიმის ფიცი და საექიმო ეთიკის ზოგიერთი საკითხი, თბ., 1987; Основы обратимости гидронефротического процесса, Тб., 1969.