ბაგვალალური ენა (ბაგვალური, ბაგულალური, კვანადური), იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის დაღესტნური ენების ანდიური ქვეჯგუფის ენა.
გავრცელებულია წუმადისა და ახვახის რ-ნების ზოგ აულში (კვანადა, თლონდოდა, ხუშტადა, ჰემერსო, თლისი, თლიბიშო).
ბ. ე. ახლოს დგას ჭამალალურ და განსაკუთრებით ტინდიურ ენასთან. ბ. ე-ის ფონეტ. სისტემაში 5 მარტივი ხმოვნის გარდა არის გრძელი და ნაზალიზებული ხმოვნები. დამახასიათებელია თანხმოვანთა შედარებით მარტივი (ისტორიულად ‒ გამარტივებული) სისტემა. ძლიერ და სუსტ თანხმოვანთა დაპირისპირება შეზღუდულია. დასტურდება მკვეთრი სპირანტები. გავრცელებულია ხმოვანთა კონტაქტური ასიმილაცია და შერწყმა, სიტყვის ბოლოში ვიწრო ხმოვნების მოკვეცა. მხ. რიცხვში გარჩეულია 3 გრამატ. კლასი, მრავლობითში ‒ 2. ბრუნება განვითარებულია: არის 5 ძირთადი ბრუნვა (სახ., ერგატიული, ნათ., მიც., აფექტივი) და ლოკატიურ ბრუნვათა რამდენიმე სერია (თითოეულ სერიაში 2 ბრუნვაა: ადგილობითი და დაშორებითი). მრავლობითი რიცხვი არსებით სახელებში გადმოცემულია სპეც. სუფიქსებით, მეტყველების სხვა ნაწილებში ‒ გრამატ. კლასის ნიშნებით. ზმნა იცვლება გრამატ. კლასისა და დრო-კილოთა მიხედვით, გარჩეულია აგრეთვე ინფინიტივი, მასდარი, კაუზატივი, დადებითი და უარყოფითი უღვლილება, კითხვითი ფორმები.
ბ. ე-ის კილოკავთა შორის არსებითი სხვაობაა. განსაკუთრებით გამოირჩევა აულ თლისის მეტყველება, რ-საც მრავალი თავისებურება ახასიათებს ბგერით შემადგენლობაში, დრო-კილოთა და რიცხვის წარმოებაში, ბრუნებაში, ლექსიკაში. აულ ხუშტადის მეტყველებაში გარჩეულია ქალთა და მამაკაცთა „ენები“ (ქალთა მეტყველებაში დ ხმოვანთა შორის გამოითქმის როგორც რ: მამაკაცთა მეტყველებაში ‒ კედა „ორი“, იდა „არის“; ქალთა მეტყველებაში კერა, ირა).
ბ. ე. უმწერლობოა, სამწერლობო ენად გამოყენებულია ახლო მონათესავე ხუნძური ენა.
ლიტ.: გ უ დ ა ვ ა ტ., ბაგვალური ენა, თბ., 1971; მისივე, Багвалинский язык, წგ.: Языки народов СССР, т. 4, М., 1967; Д и р р А., Материалы для изучения языков и наречий андо-дидойской группы, «Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа», 1909, в. 40; М а г о м е д б е к о в а З. М., Багвалинский язык (предварительное сообщение), კრ.: Вопросы изучения иберийско-кавказских языков, М., 1961.
ტ. გუდავა