ბაგინი

ბაგინი, არაქრისტიანული სალოცავი, ტაძარი ან საკერპო ძველად.

„ქართლის მოქცევაში“ ბ. ებრაელთა სალოცავის, სინაგოგის მნიშვნელობით იხმარება.

ქართლში ახლად მოსული წმ. ნინო ურბნისისა და მცხეთის ბ-ებში შედიოდა „ენისათვის ებრაულისა“. „ქართლის მოქცევის“ მიხედვით, მცხეთაში ორი ბ. იყო: ერთი, როგორც ჩანს, საკრებულო ბ., სადაც აბიათარი მღვდლობდა ნინოს მოღვაწეობის ხანაში, და მეორე ბ., ანუ მცირე ბ., რ-საც სხვანაირად სამარხვო ეწოდებოდა, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ეს შენობა გენიზად (ანუ ხმარებიდან გამოსული წმიდა წიგნებისა და ნივთების შესანახად) იყო გამიზნული. ამ ბ-ის როგორც არქიტ. ტიპს, ისე ადგილმდებარეობას გვამცნობს ტექსტი: მას ჰქონდა სტოა მსგავსად ელინისტური ხანის სინაგოგებისა; მდებარეობდა იგი „კარსა მოგუეთისასა, მტკუარსა ზედა“, ქალაქის დას. ნაწილში. როგორც ჩანს, ბ. წარმოადგენდა ნინოს საქადაგებელ ადგილს, რამდენადაც მისი პირველი მრევლი ებრაელები იყვნენ. საბოლოოდ, ბ-ზე ჯვრის აღმართვით მოხდა მისი ქრისტიანულად კონსეკრაცია და ეწოდა „მთავართა სანათლოჲ“ (ანუ ბაპტისტერიუმი), რადგან აქ მცხეთელ მთავართა შვილები ინათლებოდნენ. ასევე ქრისტ. ეკლესიად იკურთხა საკრებულო ბ-ც, სადაც ქრისტეს რჯულს ქადაგებდა აბიათარი, ჰურიაყოფილი. როგორც „მოქცევიდან“ ჩანს, ეს ბ. გაქრისტიანებულ ებრაელთა საკრებულო იყო, სადაც ელიოზის შთამომავალნი ასრულებდნენ ღვთისმსახურებას. აღსანიშნავია, რომ ბ-ების ქრისტ. ტაძრებად გადაკეთების შემდეგ ძველი აღთქმის რჯულზე დარჩენილმა ებრაელობამ დატოვა მცხეთა და გაიფანტა საქართვ. ტერიტორიაზე.

წყარო: მოქცევაჲ ქართლისაჲ, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგ. 1, თბ., 1963; შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილის და ე. გიუნაშვილის რედ., თბ., 1979.

ზ. კიკნაძე