ბაგიჭალის არქეოლოგიური ძეგლები

ბაგიჭალის არქეოლოგიური ძეგლები, მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი საშაბუროსხევის მარჯვ. ნაპირზე (დუშეთის მუნიციპ.).

გათხარეს 1982 (ხელმძღვ. რ. რამიშვილი). ნამოსახლარის ყველაზე ადრინდ. ფენა გვიანდ. ბრინჯაოს ხანისაა. გამოვლენილია ნაგებობათა მციერ ნაშთი და კერამ. მასალა. გაცილებით უკეთ არის შემორჩენილი ელინისტური ხანის (ძვ. წ. II ს.) ნამოსახლარი, რ-იც გამაგრებული ყოფილა რიყის ქვის საძირკველზე ამოყვანილი ალიზის გალავნით (სიგანე 1,3–1,5 მ). შენობათა კედლები ალიზით იყო ნაგები რიყის ქვის საფუძველზე. სათავსთა ფართობია 15–20 მ². ნაპოვნია წითელი ანგობით შემკული თიხის ჭურჭლის ნატეხები. ელინისტური ხანის ნანგრევებში ჩაშვებული იყო ძვ. წ. I ‒ ახ. წ. III–IV სს. სამარხები. მ. შ. გამოირჩევა ძვ. წ. I ს. II ნახ. და ახ. წ. I ს. დასაწყ. ორმოსამარხთა ჯგუფი. მიცვალებულებს ჩატანებული ჰქონდათ შავ-და წითელკეციანი თიხის საღვინე ჭურჭელი, წითელი წერნაგით შემკული ხელადები და ჯამები, საბრძოლო და შრომის იარაღი, სამკაული, პართული მონეტები. ოთხ სამარხში მამაკაცებთან ერთად ცხენებიც იყო დაფლული. აღმოჩენილია ლაგმები, საშუბლე და სამკერდე უმბონები, შუბუსპირი და სხვ. ყველა სამარხი ინდივიდუალურია. ზოგიერთ ორმოსამარხს რიყის ქვისყრილი ჰქონდა. III–IV სს. სამარხებში ღარიბული ინვენტარი იყო. ბაგიჭალის ნამოსახლარზე ცხოვრება ადრინდ. შუა საუკუნეებშიც გრძელდებოდა. აღმოჩენილია ამ დროის კოლექტ. ქვისსამარხი.

ლიტ: Р а м и ш в и л и  Р. М., Исследования Багичальского могильника, კრ.: Археологические открытия 1982 года, М., 1984; Р а м и ш в и л и  Р. М., Д ж о р б е н а д з е  В. А., Ч и к о в а н и  Г. Ч., и др., Археологические исследования в Душетском районе, კრ.: Полевые археологические исследования в 1982 году, Тб., 1982.

რ. რამიშვილი