ბაგრატ I კურაპალატი, ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი, ქართველთა კურაპალატი (826 – 876), ძე აშოტ I დიდი კურაპალატისა.
იბრძოდა ქართლის შემოსაერთებლად, ამ მიზნით 842 არაბთა ხალიფის სარდალს მუჰამად იბნ ხალიდს (იხ. მუჰამად იბნ ხალიდის ლაშქრობა საქართველოში) მიეშველა თბილ. ამირა საჰაკისა და მისი მოკავშირე კახელების წინააღმდეგ ბრძოლაში. დაბა რეხთან ბრძოლის შემდეგ ბ. I ტაოში დაბრუნდა და მალე თვით საჰაკის მოკავშირე გახდა.
ქართლში ბუღა თურქის ლაშქრობისას (853) ბ. I არაბებს მიემხრო და მონაწილეობდა საჰაკის შეპყრობასა და ქართლში შემოჭრილი აფხაზთა მეფის თეოდოსის ლაშქართან ბრძოლაში, მაგრამ ქართლში გაბატონება ვერც ამჯერად შეძლო. ბ. I-ის დროს ტაო-კლარჯეთში გრძელდებოდა აშოტ I-ის მიერ დაწყებული დიდი საეკლ.-სამონასტრო მშენებლობა, რ-ის ერთ-ერთი ინიციატორი გრიგოლ ხანძთელი იყო.
წყარო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; სუმბატ დავითის ძე, ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა, იქვე.
ა. ბოგვერაძე