ბაგრატ II, აფხაზთა მეფე X ს. I მესამედში, აფხაზთა მეფის კონსტანტინე III-ის უმცროსი ძე მეორე ცოლისაგან.
ფავნელთა „დაწერილის“ მიხედვით, ბ. II კონსტანტინე მეფის თანამმართველი იყო და, ამდენად, ტახტის მემკვიდრედ ითვლებოდა. მამის გარდაცვალების შემდეგ ნახევარძმა გიორგი (იხ. გიორგი II აფხაზთა მეფე) აუჯანყდა. ბ. II-ს სიმამრი გურგენ ერისთავთერისთავი (ბაგრატიონთა კლარჯეთის შტოს ერთ-ერთი უძლიერესი წარმომადგენელი) ემხრობოდა. ქვეყანა შფოთმა და არეულობამ მოიცვა, „ვიდრე არ მიიცვალა ბაგრატ“. თავის დროზე შედგენილი ყოფილა ბ. II-ის „ცხოვრება“, რ-საც ჩვენამდე არ მოუღწევია.
წყარო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; სუმბატ დავითის ძე, ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა, იქვე.
ა. ბოგვერაძე