ბაგრატ III (X ს. 60-იანი წწ. დასაწყ., – 7. V. 1014), გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს პირველი მეფე 975–1014. ბაგრატიონი, გურგენ მეფეთა მეფისა და გურანდუხტ დედოფლის შვილი, ტაოს მეფეთა მეფის დავით III კურაპალატის შვილობილი და აღზრდილი.
ბ. III-ის პოლიტ. ასპარეზზე გამოსვლა დაემთხვა ქართული სამეფო-სამთავროების გაერთიანებისათვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპს. X ს. დასაწყისიდან შიდა ქართლს აფხაზთა (დას. საქართველოს) მეფეები ფლობდნენ. Xს. 70-იან წწ. შინაფეოდ. ომების შედეგად აფხაზთა სამეფო დასუსტდა. ფეოდ. ანარქიამ განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო თეოდოს III უსინათლოს მეფობაში (975–978). ამით ისარგებლეს კახეთის პოლიტ. მესვეურებმა და დაიწყეს ბრძოლა ქართლისათვის (პოლიტ. ცენტრი უფლისციხე). 975 დავით III ქართლის ერისთავის ივანე მარუშისძის დახმარებით დაეუფლა ქართლს და აქ გააბატონა თავისი შვილობილი ბ. III, რ-საც მცირეწლოვნების გამო თანაგამგებლად მამამისი გურგენი დაუნიშნა. ბ. III-ის დედა, თეოდოს III-ის და, აფხაზთა მეფის შვილი იყო. თეოდოსს შვილი არ ჰყავდა, უშვილო იყო დავით III-ც. ამრიგად, ბ. III დედით დას. საქართველოსა და ქართლის, ხოლო მამით და მამობილით სამხრ. საქართველოს კანონიერი მემკვიდრე იყო.
978 დავით III-მ და ივანე მარუშისძემ ბ. III აფხაზეთში (დას. საქართველოში) გაამეფეს. 980, როცა სრულწლოვანი გახდა, ბ. III-მ ხელში აიღო სამეფოს მართვა-გამგეობა. მისი უმთავრესი ამოცანა ქვეყნის გაერთიანება იყო, ამ ამოცანის განხორციელებისათვის ბრძოლაში ის ეყრდნობოდა გაერთიანებით დაინტერესებულ ძირითად მწარმოებელ ძალას, აგრეთვე წვრილ და საშუალო აზნაურებს, ვაჭართა ფენას და დიდებულ აზნაურთა მოწინავე ნაწილს. გაერთიანების მოწინააღმდეგე ქართლის მსხვილმა ფეოდალებმა ბ. III-ის ქართლში გაბატონებისთანავე მოიშველიეს კახეთის სამეფოს ლაშქარი, შეიპყრეს ბ. III-ის დედ-მამა, მაგრამ დავით III-ის ენერგიული ჩარევის შედეგად რეაქციონერ ფეოდალთა ეს გამოსვლა მარცხით დამავრდა. 80-იანი წწ. დასაწყისში ბ. III-მ დაამარცხა აჯანყებული ქართლის ფეოდალები, რ-ებსაც ქავთარ ტბელი მეთაურობდა, 989 კი ‒ გაერთიანების პოლიტიკის მოწინააღმდეგე კლდეკარის ერისთავი რატი რატის ძე ბაღვაში და შემოიერთა კლდეკარის საერისთავო. 1001, როცა გარდაიცვალა დავით III, ბ. III ქართველთა მეფე და კურაპალატი გახდა. დავით III-ის სამფლობელოს უდიდესი ნაწილი ტაოში ბიზანტ. იმპ. ბასილი II-მ დაიკავა. ბ. III-ისა და გურგენის ცდა, დაუფლებოდნენ დავით III-ის მემკვიდრეობას, უშედეგოდ დამთავრდა. შემდეგში ეს ტერიტორია საქართველოსა და ბიზანტიას შორის ცილობისა და ომების ობიექტი იყო (იხ. დავით III კურაპალატის მემკვიდრეობა). 1008, გურგენ მეფეთა მეფის გარდაცვალების შემდეგ, ბ. III-მ როგორც მემკვიდრემ, შემოიერთა ტაოს ჩრდ. ნაწილი (ამიერ-ტაო), შავშეთი, კლარჯეთი, სამცხე, ჯავახეთი, ბ. III პირველი იყო, ვინც „აფხაზთა და ქართველთა მეფის“ ტიტულს ატარებდა. 1010 ბ. III-მ დაიკავა კახეთ-ჰერეთი. ამრიგად, საქართვ. სამეფოს ფარგლებს გარეთ რჩებოდა მხოლოდ თბილისის საამირო და იმიერტაო. მეფობის ბოლო წლებში ბ. III-მ სომეხთა მეფე გაგიკ I-თან ერთად ილაშქრა საქართვ. მოსაზღვრე რანის (არანის) მფლობელ ფადლონის წინააღმდეგ, რ-იც დროგამოშვებით არბევდა კახეთ-ჰერეთს. ბ. III-მ აიძულა ფადლონი ყოველწლიური ხარკი ეხადა და საქართვ. მეფის მტერთა წინააღმდეგ ლაშქრობაში მონაწილეობა ეკისრა.
გაერთიანებისა და ერთმეფობის განმტკიცებისათვის ბრძოლაში ბ. III ზოგჯერ უკიდურეს ღონისძიებებსაც მიმართავდა. მან თავისი ნათესავები, კლარჯეთის ბაგრატიონთა შთამომავლები, სუმბატი და გურგენი, ბაგრატ არტანუჯელის ძენი, სადარბაზოდ მიიწვია ფანასკერტში (იხ. ფანასკერტის დარბაზობა), შეიპყრო და თმოგვის ციხეში დაამწყვდია, სადაც გარდაიცვალნენ 1012. კლარჯეთის ბაგრატიონთა სხვა მემკვიდრეებიც პატიმრობაში დაიხოცნენ.
ბ. III ენერგიული და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი იყო. ის მიისწრაფოდა ერთმმართველი შეუზღუდველი ხელისუფლებისაკენ, წინანდელ მემკვიდრეობით მფლობლელებს ყველგან მეფის მოხელე ერისთავებით ცვლიდა. ბ. III-მ შექმნა საქართველოს ფეოდ. მონარქია. მის დროს აიგო ქართული არქიტ. ცნობილი ძეგლები ‒ ბედიის ტაძარი, ბაგრატის ტაძარი (ქუთაისში), ნიკორწმინდა და სხვ. XI ს. ქართველი მემატიანე ბ. III-ს „დიდ მეფეს“ უწოდებს. გარდაიცვალა ტაოში, ფანასკერტის ციხეში, დასაფლავებულია ბედიაში.
წყარო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ, ე. თაყაიშვილის გამოც., თბ., 1949 (მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 27).
ლიტ.: კ ო პ ა ლ ი ა ნ ი ვ., საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970–1070 წლებში, თბ., 1969; ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე მ., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება (IX–X სს.), თბ., 1963; მ ე ლ ი ქ ი შ ვ ი ლ ი გ., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება და საქართველოში ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარების ზოგიერთი საკითხი, თბ., 1973; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2).
ვ. გუჩუა