ბაბლუანი თეიმურაზ გელას ძე

თ. ბაბლუანი

ბაბლუანი თეიმურაზ (თემურ) გელას ძე (დ. 20. III. 1948, სოფ. ჩოლური, ლენტეხის მუნიციპ.), კინორეჟისორი, მსახიობი, პროდიუსერი. რუსთაველის სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1995).

სწავლობდა მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის იურიდიულ ფაკ-ტზე (1971‒73). დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის კინოფაკულტეტი (თ. აბულაძისა და ი. კვირიკაძის სახელოსნო, 1979). გადაიღო მხატვრული ფილმები „მოტაცება“ (მოკლემეტრაჟიანი, 1975), „ბეღურების გადაფრენა“ (1980), „ძმა“ (1982, XV საკავშ. კინოფესტ. პრიზი საუკეთესო დებიუტისთვის, 1982), „უძინართა მზე“ [1990, ბერლინის (გერმანია), სოჭის, მოსკოვის (რუსეთი) საერთაშ. კინოფესტივალების პრიზები; ეროვნული კინოფესტ. „ოქროს არწივის“ მთავარი პრიზი – ყველა – 1992; რუსთაველის სახელობის პრემია, 1995], „მემკვიდრეობა“ (გ. ბაბლუანთან ერთად, 2006), რ-ებშიც სხვადასხვა ცხოვრებისეულ და ისტ. მასალაზე განავითარა საკუთარი სიმართლისთვის მებრძოლი პიროვნების და ამ ბრძოლასთან დაკავშირებული პასუხიმგებლობის თემა.

ბ. ყველა თავისი ფილმის სცენარის ავტორია. როგორც მსახიობმა ერთ-ერთი მთვარი როლი (მურტალო) შეასრულა სატელევიზიო დადგმაში „კუკარაჩა“. მონაწილეობს რ. ჩხეიძის ფილმებში: „ღიმილის ბიჭები“ (მალხაზი, 1969), „მშობლიურო ჩემო მიწავ!“ (არწივის მომთვინიერებელი, 1980), „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (ეპიზოდ. როლი, 1989), გ. ბაბლუანის ფილმში „ცამეტი“ (2005, საფრანგეთი), 1991-იდან არის სტუდია „ადამ და ევას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გამგეობის თავ-რე და სამხატვრო ხელმძღვანელი.

ცხოვრობს და მუშაობს საფრანგეთში. ავტორია რომანისა „მზე, მთვარე და პურის ყანა: მანუშკა მელოდება“ (2018), რომელიც 2023 ითარგმნა ფრანგ. ენაზე;   2019 მიიღო პრემია „საბა“ წლის საუკეთესო ლიტ. დებიუტისთვის.

მ. კერესელიძე