ბალაბუევი ანატოლი გიორგის ძე

ბალაბუევი ანატოლი გიორგის ძე [21. VI (3. VII). 1889, სოფ. მანგლისი, თბილ. მაზრა, ახლანდ. დაბა მანგლისი, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი, – 19. VI. 1980, თბილისი], გეოფიზიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1941), პროფესორი (1933), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961).

1914 დაამთავრა კიევის უნ-ტის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტი. 1915–16 მუშაობდა თბილ. ქალთა უმაღლეს კურსებზე. 1916–18 იყო სამხ. სამსახურში, შემდეგ პედ. და სამეცნ. მოღვაწეობას ეწეოდა თბილ. სხვადასხვა სასწ. და სამეცნ. დაწესებულებებში. 1938-იდან მუშაობდა საქართველოს მეცნ. აკადემიის გეოფიზ. ინ-ტში, სადაც ხელმძღვანელობდა გამოკვლევებს ატმ. ფიზიკის დარგში. ბ-ის სამეცნ. შრომები ძირითადად ეხება ატმ. ფიზიკასა და კლიმატოლოგიას. დაამუშავა ამიერკავკ. ჰავის გენეზისის საკითხები. სამხ. კავკასიის სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული აქვს მნიშვნელოვანი გამოკვლევები ცალკეულ მეტეოროლ. მოვლენათა შესახებ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: К вопросу о содержании и методах генетической климатологии, «Труды Ин-та физики и геофизики». 1947, т. 10; Основные черты генезиса климата Закавказья, «Труды Ин-та геофизики», 1960, т. 18.

ვ. ჯავრიშვილი