ბალავაძე ვახტანგ მიხეილის ძე

ბალავაძე ვახტანგ მიხეილის ძე (20. II. 1927, სოფ. ღანირი, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 25. VII. 2018, თბილისი), სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა, სამბო). 1955 მიენიჭა სსრკ სპორტის დამს. ოსტატის, ხოლო 1971 – სსრკ დამს. მწვრთნელის წოდებები. 1951 დაამთავრა საქართვ. ფიზკულტ. სახელმწ. ინ-ტი, 1956 – თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი. პირველი ქართვ. მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში (1954, ტოკიო).

მეორედ მსოფლიო ჩემპიონი გახდა 1957 (სტამბოლი). მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის (1959) და ოლიმპიური თამაშების (მელბურნი, 1956) ბრინჯაოს პრიზიორი. სსრკ ხუთგზის (1952, 1953, 1954, 1955, 1957) ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში. სსრკ ჩემპიონი (1952) სამბოში. ბუქარესტის ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალის (1953) ჩემპიონი. ბუდაპეშტის (1954), სტოკჰოლმის (1954), გეტებორგის (1954), ესკილსტუნის (შვეცია, 1954), თეირანის (1957), თავრიზის (1957), აშშ-ის (1958) საერთაშ. ტურნირებში გამარჯვებული. ახასიათებდა ჭიდაობის თავისებური ლაღი, რაინდული სტილი. ბ. თანაავტორია სახელმძღვანელოებისა „კლასიკური ჭიდაობა“ (1965) და „თავისუფალი ჭიდაობა“ (1970). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. დაჯილდოვდა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ორდენით (1997). ქ. თბილისის საპატიო მოქალაქე (1999).

თხზ.: ქართველი ფალავნები მსოფლიო და ოლიმპიურ შეჯიბრებებში, თბ., 1961; ფალავნები ხალიჩაზე, თბ., 1968.

ლიტ.: გ უ გ უ შ ვ ი ლ ი  ნ., „ჭიდაობას რა უნდა...“, თბ., 1965.

ნ. გუგუშვილი