ალ-ბალაზური აჰმად იბნ იაჰია იბნ ჯაბირ (დაახლ. 820–892), არაბი ისტორიკოსი. ავტორი თხზულებებისა „წარჩინებულთა გენეალოგია“ („ანსაბ ალ-აშრაფი“) და „ქვეყნების დაპყრობა“ („ფუთუჰ ალ-ბულდანი“). პირველი წიგნი შეიცავს ჩრდ. არაბული ტომებისა და კურაიშების წრიდან გამოსულ პირთა ბიოგრაფიებს, იგი მნიშვნელოვანი წყაროა ომაიანთა სახალიფოსა და ხარიჯიტების მოძრაობის ისტორიისათვის. „ქვეყნების დაპყრობა“ ძირითადად არაბთა დაპყრობითი ომების ისტორიას აღწერს მაჰმადის დროიდან ავტორის გარდაცვალებამდე. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მას კავკასიის ისტორიისათვის. წიგნში საგანგებო თავები აქვთ დათმობილი აზერბ. და არმენიის (არაბთა მიერ სამხ. კავკასიაში შექმნილი ადმ. ერთეული, რ-შიც შედიოდა სომხეთი, ალბანეთი და საქართველო) დაპყრობას. მოთხრობილია არმენიისა და მისი მმართველი ვალიების, თბილისისა და საქართველოს სხვა მხარეების დაპყრობისა და „დაცვის სიგელების“ გაცემის შესახებ. ბ. დაწვრილებით აღწერს ჰაბიბ იბნ მასლამას ლაშქრობას საქართველოში. ქართველებს უცდიათ წინააღმდეგობის გაწევა არაბებისათვის. თბილისის დამორჩილებამდე, ქალაქის მისადგომებთან ისინი ორჯერ შეტაკებიან მტერს. პირველად გაუმარჯვნიათ, მაგრამ მერე დამარცხებულან და არაბებთან მოლაპარაკება უმჯობინებიათ. ჰაბიბთან მისულა ჯურზანის (ქართლის) მოსახლეობისა და პატრიკიოსის მოციქული, მორჩილება გამოუცხადებია, ძღვენი მიურთმევია და ზავისა და შეუვალობის წიგნი უთხოვია.
საინტერესოა ბ-ის თხზულების ის ნაწილიც, სადაც საქართველოს დანარჩენი პუნქტების დაპყრობაზეა საუბარი. ესენია: ხუნანი, სამცხე, გარდაბანი, შავშეთი, ბაზალეთი, კლარჯეთი, თრიალეთი, კახეთი, კუხეთი, არტანი, დარიალანი და სხვ. ბ-მა შემოგვინახა ჰაბიბ იბნ მასლამას „დაცვის სიგელის“ ერთ-ერთი უძველესი ვარიანტი და ჯარაჰ იბნ აბდ ალ-ლაჰის სიგელის ერთადერთი ჩვენთვის ცნობილი ნუსხა. საინტერესოა ცნობები თბილ. ამირების, მათი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა და საქართველოში ბუღა თურქის ლაშქრობის შესახებ. საქართვ. ისტორიისათვის საინტერესოა აგრეთვე ბ-ის ცნობები არაბ. შრიფტზე, კანცელარიებში არაბ. ენის შემოღებაზე, არაბ. გადასახადებზე, მონეტებსა და სამონეტო საქმეზე.
თხზ.: Книга завоевания стран, пер. проф. II. К. Жузе, Баку, 1927.
ლიტ.: წერეთელი გ., არაბული ქრესტომათია, თბ., 1949.
ე. სიხარულიძე